Thumbnail

ეს წელი სპორტის სამყაროსთვის გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე კოშმარული 2020. ერთი წლით გადადებული ზაფხულის ოლიმპიადაც ჩატარდა და ევროპის ჩემპიონატიც, მაყურებლები ტრიბუნებს დაუბრუნდნენ - მოკლედ, მიუხედავად პანდემიისა, 2021 სპორტში სრულფასოვანი, უფრო მეტიც, საკმაოდ გადატვირთული წელიწადი იყო. 

2021 წელს პოპსპორტზე 10 000-ზე მეტი სტატია, ვიდეო თუ პოსტი გამოქვეყნდა. მთელი წლის სტატისტიკით, მხოლოდ სტატიების ნახვებმა 21 მილიონს გადააჭარბა. საშუალოდ ერთ დღეში პოპსპორტზე სიახლეებსა და სტატიებს დაახლოებით 59 000-ჯერ ნახულობდნენ... ეს ციფრები ჩვენთვის ძალიან საამაყოა და მხოლოდ მოტივაციას გვმატებს.

ჩვენი გუნდი ყველა ავტორის თითოეული სტატიით, პოსტით, ვიდეოთი, ქვიზით თუ ინტერვიუთი ამაყობს, მაგრამ წელსაც გადავწყვიტეთ, შევარჩიოთ 5 საუკეთესო 2021 წლის სტატიებიდან, რომელიც ჩვენი აზრით, გამორჩეულია. და თუკი რომელიმე ჯერ არ წაგიკითხავთ, ახლავე თუ არა, ახალი წლის დღეებში ამის დრო ნამდვილად გექნებათ. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტებია მათ შორის, რაც ამ საიტზე გინახავთ.

მადლობა პოპსპორტის თითოეულ ერთგულ მოხმარებელს. წლიდან წლამდე თქვენც უფრო და უფრო მეტნი ხდებით და ჩვენც უფრო და უფრო მეტი მოტივაციით ვმუშაობთ თქვენთვის. 


კაცი დინების წინააღმდეგ - დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერის ამბავი

✍ ...მეივეზერები სამაგალითოები არასოდეს ყოფილან. ფლოიდიც ამ გარემოს და ამ ოჯახის სახეა. კრივი მას სისხლში აქვს. დარწმუნებული ვარ, 40 კი არა, 60 წლის ასაკშიც არ დაკარგავს კლასს და მოძრაობებს, ბრძოლა მის დნმ-შია, ამის მეტი ბავშვობიდან არაფერი უკეთებია. თუმცა მეივეზერების ხასიათი და ის კომპლექსები თუ ტრავმები, რომლებიც ძალადობას და ოჯახურ კონფლიქტებს მოყვება, ფლოიდსაც დაღს ასვამს. მან ცხოვრებაში ისეთი რამეები ნახა, რომ ახლა აღარ ადარდებს, საზოგადოების თვალში როგორი იმიჯი ექნება. ყველაზე მთავარი სიბრძნე მან უკვე იცის: ფლოიდ მეივეზერი: ‘ქალები იტყუებიან, კაცები იტყუებიან, რიცხვები - არასოდეს!’

📋 წაიკითხე სრულად - სტატია, რომელიც არ არის მხოლოდ კრივის მოყვარულებისთვის

შუმახერი - სიტყვა, რომელიც ლეგენდას ნიშნავს

✍ ...შუმახერის ამბავი არაფერში ჯდება. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სიკვდილს ეთამაშებოდა, კაცი, რომელიც თითქოს დაფრინავდა, სათხილამურო კურორტზე ეცემა და ქვას არტყამს თავს. ამ ამბავში რაღაც ძალიან ალოგიკური და უსამართლოა. ‘ის თან აქ არის და თან არ არის’ - ასე შეაფასა შუმის მდგომარეობა მისმა ცოლმა, კორინამ. ზუსტად როგორ არის შუმახერი, არავინ იცის. ოჯახი მას გარე სამყაროს არ ანახებს. მგონია, რომ სწორადაც იქცევიან. ნამდვილად არ მინდა, განახევრებული შუმი დავინახო. ის ისეთად უნდა დარჩეს, როგორიც გვახსოვს - ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე, ფრენის თუ სისწრაფის მიჯნაზე, ჩემპიონურად მომღიმარი.

📋 წაიკითხე სრულად - გიორგი უგულავას ბლოგი შუმიზე

ფრანგი ოლიმპიელი და ნაკრების კაპიტანი, რომელიც ჰიტლერისთვის კლავდა

✍ ...1944 წლის შობის კვირეულისთვის მეორე მსოფლიო ომის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო. ამავე წლის აგვისტოში საფრანგეთის წინააღმდეგობის ფრონტმა პარიზი გაათავისუფლა და ნაცისტური საოკუპაციო რეჟიმი დაამხო. ქალაქი ნელ-ნელა იბრუნებდა ძველი ცხოვრების რიტმს. ამ პროცესში, ბევრი კოლაბორატორი და სამხედრო დამნაშავე კედელთან მიაყენეს. მათ შორის 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადის და 1930 წლის ურუგვაის მუნდიალის მონაწილე, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი და კაპიტანი - ალექს ვილაპლანი, რომელმაც ნაკრების კაპიტნის რეპუტაცია SS-ის მუნდირში გაცვალა.

📋 წაიკითხე სრულად - პირველი მუნდიალის მონაწილე ოლიმპიელის ამბავი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ფაშისტების სადისტ მარიონეტად იქცა.

არგენტინის ორი მთავარი ფილოსოფოსი - როგორ გაიყო ქვეყანა ორ ნაწილად

✍ ...უკვე რამდენიმე ათწლეულია, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო არგენტინა ორ ბანაკადაა გაყოფილი - ლიბერალ, მემარცხენე ‘მენოტისტებად’ და კონსერვატორ, მემარჯვენე ‘ბილარდისტებად’. თითოეული, თუნდაც თანამედროვე არგენტინელი მწვრთნელი აუცილებლად რომელიმე ამ ბანაკის წევრია. ეს დაპირისპირება შორს გასცდა საფეხბურთო საზღვრებს და საქართველოსი არ იყოს, ძალიან დაპირისპირებულ, პოლარიზებულ არგენტინულ საზოგადოებაში, კიდევ უფრო დიდი განხეთქილება შეიტანა და დღემდე შეაქვს.

📋 წაიკითხე სრულად - 'ბილარდისტები' V 'მენოტისტები'

NBA-ს მთავარი სიძულვილის ისტორია - როგორ დაიწყო პატ რაილიმ დიდი მტრობა

✍ ...„ნიუ იორკი კალათბურთის მექაა, მედისონ სკვერ გარდენი კი მისი მთავარი სამკაული“ - მაიკლ რაპაპორტი, ნიუ იორკელი კომიკოსი, წიგნის 'This Book Has Balls' ავტორი. დღეს ეს ფრაზა ახალი თაობის გულშემატკივარს მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის - ნიუ იორკ ნიქსი ახალი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გუნდია, მაგრამ ერთ დროს ნიქსი ისევე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, როგორც სტეიტენ აილენდი ქვემო მანჰეტენის სანაპიროდან. ეს იყო 90-იანებში, ნიუ იორკ ნიქსი 20-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონობას აპირებდა და მათ გზაზე ახლადშექმნილი მაიამი ჰიტი იდგა.

📋 წაიკითხე სრულად - ისტორიულ-ანალიტიკური სტატია NBA-ს ნამდვილი ექსპერტებისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები