Thumbnail

'ალბათ იანვარში გაუშვებენ' - რას წერს ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ჩაკვეტაძეს გენტში თამაშის შესაძლებლობა აღარ ეძლევა
  • ბელგიური მედია ვარაუდობს, რომ ის გუნდს იანვარში დატოვებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იანვრის სატრანსფერო პერიოდში სავარაუდოდ გუნდს შეიცვლის. გენტში ქართველ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს და განაცხადშიც ვეღარ ხვდება, რაც ნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის, ჰეინ ვანჰეზებრუკის გეგმებში აღარ შედის.

Voetbalnieuws-მა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გენტის გეგმების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბელგიურ კლუბს იანვარში მცველისა და თავდამსხმელის დამატება სურთ. გარდა ამისა, დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომელთაც კლუბი ზამთარში უპრობლემოდ შეელევა და მათ შორისაა ჩაკვეტაძეც.

"გენტმა ზაფხულში ილომბე მბოიო დაიმატა, მაგრამ მან გუნდი შეიძლება უკვე დატოვოს. თუმცა, ის არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ჰეინ ვანჰეზებრუკი უარს ამბობს. ალეკსანდერ დე ბრუინი, ჯორდან ბოტაკა და ასევე გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდნენ. ბოტაკა და დე ბრუინი B გუნდში არიან და მთელი სეზონია, მთავარ გუნდთან ერთად არც ვარჯიშობენ. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელის დარწმუნებას იშვიათად ახერხებდა. დიდი ხნის განმავლობაში მას უზარმაზარ ტალანტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ბევრი ტრავმის შემდეგ ქართველმა სტაგნაცია განიცადა", - წერს voetbalnieuws.

ამ სეზონში გიორგიმ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა

გიორგი 7 ნოემბრის შემდეგ ერთადერთხელ იყო სამატჩო განაცხადში, კონფერენსლიგაზე ესტონურ ფლორასთან, როცა მოედანზე 70 წუთი გაატარა. დანარჩენ შემთხვევაში თამაშის შანსი არ მისცემია, მათ შორის ბელგიის ჟუპილერ ლიგის ბოლო 7 მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით ყველა ტურნირზე 15-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები