Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შესაძლოა რუმინეთში აღმოჩნდეს
  • კიევის და ბუქარესტის დინამოები გარიგებას ამ ზამთარსვე გეგმავენ 

გიორგი წიტაიშვილის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც კიევის დინამოს ეკუთვნის და ოდესის ჩერნომორეცში იჯარით გამოდის, უკრაინულ მედიაში ხშირად იწერება. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც რუმინული მედიაც ავრცელებს, საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი შესაძლოა ახალი წლიდან რუმინეთის ჩემპიონატში აღმოჩნდეს.

მანამდე წიტაიშვილი უნგრულ ფეჰერვარს, სლოვაკურ სლოვანსა და პოლონურ ვისლა კრაკოვს დაუკავშირეს, ამჯერად კი ბუქარესტის დინამოს ვარიანტი სახელდება.

როგორც ირკვევა, კიეველთა რუმინელი მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბუქარესტის კლუბში იმ 12 მოთამაშის განათხოვრებას აპირებს, რომლებიც კიევის დინამოს ეკუთვნიან, მაგრამ იჯარით აქამდე ჩერნომორეცში გამოდიოდნენ. სწორედ მათ შორისაა წიტაიშვილიც. ამ ყველაფრის მიზეზი კი ოდესელთა ხელმძღვანელობაში გამოწვეული ცვლილებებია. კლუბის ახალ ბოსებს სეზონის წინ გაფორმებული ყველა საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა და ახალი გუნდის აშენება სურთ.

რაც შეეხება წიტაიშვილის პოტენციურ კლუბს, ბუქარესტის დინამო რუმინეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. საინტერესოა, რომ იმ 16 ფეხბურთელიდან, რომლებიც კიევიდან ბუქარესტში შესაძლოა გადაბარგდნენ, ქართველი ფეხბურთელი ყველაზე ძვირფასია - Transfermartk გიოს მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა

გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში დაიწყო და ამავე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, 20-წლამდელთა რიგებში კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგიმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევს.

წიტაიშვილმა ოდესის ჩერნომორეცის მაისურით უკრიანის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში ითამაშა და თავი 1 გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები