Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ლუქსემბურგთან 0:1 დამარცხდა
  • ვლადიმირ ვაისის ექსპერიმენტულმა გუნდმა მთლიანობაში ცუდი შთაბეჭდილება დატოვა
  • წელს პირველი გოლი გავუშვით და პირველად წავაგეთ

სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც შემოდგომაზე უეფას ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ჩაებმება, წლის მეოთხე ამხანაგური მატჩი სტუმრად ლუქსემბურგთან ჩაატარა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ჟოზე ბარტელის სახელობის სტადიონზე ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა და მიუხედავად პირველ ნომრად თამაშის სურვილისა და მცდელობისა, საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში მეტოქისთვის განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია.

საქართველოსთან თამაშმა ლუქსემბურგელ ქომაგში დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია

გამოსარჩევი მხოლოდ საწყის ათ წუთში კარისკენ გიორგი ხარაიშვილისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის, ტაიმის მიწურულს კი ჯაბა ჯიღაურის დარტყმები იყო. თავიდან მარჯვენა ფრთაზე აქტიური ჩანდა გიორგი ბერიძე.   

არცთუ დამაჯერებელი იყო, მისთვის უჩვეულო, დაცვის მარჯვენა ფრთაზე გამწესებული ჯიღაური და მასპინძლებიც მეტწილად სწორედ მისი ფლანგიდან ცდილობდნენ გიორგი მაკარაძის კარზე იერიშის მიტანას. ერთ ეპიზოდში მასპინძელთა ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარისკენ წავიდა და საქართველოს ნაკრების მეკარემ გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო მისი მოგერიება.

გიორგი ხარაიშვილი ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა

კიდევ უფრო ხელსაყრელი ეპიზოდი ლუქსემბურგს შესვენების შემდეგ, 61-ე წუთზე ჰქონდა და კვლავაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ. მასპინძელთა თავდასხმელის თავურის შემდეგ მაკარიძემ კარი აშკარა გოლისგან იხსნა. ამ ეპიზოდში არადამაჯერებელი იყო ჩვენი ცენტრალური მცველების თამაშიც.

მაგრამ 69-ე წუთზე ჯიღაურის ფლანგიდან განხორციელებულ მორიგ შეტევას ლუქსემბურგის გოლი მაინც მოჰყვა. მაკარიძეს ახლო მანძილიდან ორელიენ იოაკიმმა გაუტანა, რომელსაც ხელი ვერც ამჯერად შეუშალეს ცენტრალურმა მცველებმა.

დარჩენილ 20 წუთში ლუქსემბურგელები დიდწილად ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ, საქართველოს ნაკრებმა კი ვერ შეძლო თამაშის დალაგება და მასპინძელთა კარზე შტურმის მოწყობა. ვლადიმირ ვაისს არც მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვლილებებმა გაუმართლა. 

ეგ კი არა, ზედ არბიტრის საფინალო სასტვენის წინ ლუქსემბურგს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაკარიძეს რომ არ ეყოჩაღა.

საქართველოს ნაკრები მარცხისგან ვერც გიორგი ნავალოვსკის ფლანგურმა გარღვევებმა იხსნა

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ბოლო ამხანაგური მატჩი იყო ერთა ლიგის გათამაშების დაწყების წინ. მანამდე ვაისის გუნდმა შინ ლიტვასა (4:0) და ესტონეთს (2:0), ავსტრიულ შეკრებაზე კი მალტას (1:0) მოუგო. 

აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მთავარმა მეტოქე ყაზახეთმა დღესვე ამხანაგურად აზერბაიჯანთან ითამაშა და ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. ვაისის გუნდი ერთა ლიგაში პირველ მატჩს სწორედ ყაზახეთთან, 6 სექტემბერს, ასტანაში ჩაატარებს. ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ იქ სულ სხვანაირად მოთამაშე ნაკრებს ვიხილავთ.

ლუქსემბურგი 1:0 საქართველო

გოლი: 1:0 იოაკიმი (69).

საქართველოს ნაკრები:  გიორგი მაკარიძე, ჯაბა ჯიღაური (90. ლევან გეგეჭკორი), დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი (79. ლაშა შერგელაშვილი), ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია (56. ოთარ კიტეიშვილი), გიორგი ხარაიშვილი (56. ლაშა დვალი), გიორგი ბერიძე (45. საბა ლობჟანიძე), ვახტანგ ჭანტურიშვილი, ნიკა კაჭარავა (62. ბუდუ ზივზივაძე).

სათადარიგოები: როინ კვასხვაძე, ლევან ხარაბაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები