Thumbnail
  • რბოლების მატება ფორმულა 1-ის თანამშრომლებს არ გაუხარდათ
  • ერთ-ერთმა მექანიკოსმა motorsport-total.com-თან გულახდილად ისაუბრა

ფორმულა 1 სპორტის გლამურული სახეობაა, მაგრამ გარედან კარგად არ ჩანს, რამდენად რთული და კომპლექსურია ის სამუშაო, რასაც F1-ში დასაქმებული ადამიანები აკეთებენ.

2022 წელს ფორმულა 1-ის სეზონში იმდენი რბოლა იქნება, რამდენიც ისტორიაში არასდროს ყოფილა - 23! ავტოსპორტის ამ სახეობის ფანებისთვის ეს ძალიან მაგარი ამბავია - სეზონი მარტში დაიწყება და ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რბოლები, რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გაიმართება - ავსტრალია, აშშ, რუსეთი, საუდის არაბეთი…

ის, რაც ფანებისთვის ფანტასტიკური ამბავია, გუნდებისთვის და იქ დასაქმებული ადამიანებისთვის ძალიან დიდი სტრესია. რამდენად რთულია ფორმულა 1-ში მუშაობა, ამის შესახებ ერთ-ერთმა მექანიკოსმა პოპულარულ პორტალ motorsport-total.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

აი, რას წერს მექანიკოსი, რომელმაც, ცხადია, თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა: “წესით, საიდუმლოს არავისთვის უნდა წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ ფორმულა 1-ის მექანიკოსის ცხოვრება ძალიან რთულია. ეს ყოველთვის ასე იყო და არცერთი ჩვენგანი არ ცდილობს საქმის გაადვილებას.”

ახლა, როცა სეზონში 23 რბოლა უნდა გაიმართოს, ფორმულა 1-ში დასაქმებულთა სტრესი პიკს მიაღწევს. მექანიკოსი ამბობს, რომ სარბოლო ტრეკზე გატარებული დღეების გარდა, სადაც დილიდან ღამემდე მუშაობენ და შესვენებისთვის დრო თითქმის არასდროს აქვთ, განსაკუთრებით დამღლელი მგზავრობაა: “როცა ჩვენი გადაღლილობა პიკს აღწევს (და ეს უკვე ძალიან ხშირად ხდება), თავს საშინლად ვგრძნობთ. როცა საყვარელი ადამიანებისგან ასე შორს ხარ, სტრესი მით უფრო დამთრგუნველად მოქმედებს.” - ამბობს ის.

'ექიმი ვერ მოგცემს იმას, რაც ჩვენ ასეთ სტრესულ დროს გვჭირდება. ის მექანიკოსები კი, რომლებსაც აბების მიღება არ სურთ, ალკოჰოლს ეტანებიან'

რბოლების რაოდენობის გაზრდა კალენდრის კიდევ უფრო გადატვირთვას გამოიწვევს. გაისად უკვე ბევრი გრანპრი გაიმართება ზედიზედ, პაუზის გარეშე. მექანიკოსი წერს, რა მოლოდინი აქვთ მას და სხვა თანამშრომლებს: “არა მარტო მენტალურად გადავიწვებით, არამედ ფიზიკურადაც. მართალია, გუნდებს ჰყავთ ექიმებიც და ფიზიოთერაპევტებიც, რომლებიც ყველაზე ზრუნავენ, მაგრამ ყველაზე მარტივი გზა მაინც სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღებაა, რათა გადაღლამ არ იმოქმედოს და მუშაობის გაგრძელება შეძლო. მილიონი წელიც რომ გავიდეს, ექიმი ვერ მოგცემს იმას, რაც ჩვენ ასეთ სტრესულ დროს გვჭირდება. ის მექანიკოსები კი, რომლებსაც აბების მიღება არ სურთ, ალკოჰოლს ეტანებიან.”

შემოდგომაზე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონის რბოლების რაოდენობა გაიზრდებოდა, რამდენიმე გუნდის შეფმა აღნიშნა, რომ ისინი თანამშრომლებზე უფრო მეტად იზრუნებდნენ.

“რბოლების რაოდენობის გაზრდა ყველას უნდა უხაროდეს. ჩვენ კი, ცხადია, ჩვენს თანამშრომლებზე ვიზრუნებთ. მაგალითად, მექანიკოსებს რბოლების შემდეგ 3-4 დღე ვასვენებთ. ვისაც არსებული რეალობა არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს,” - განაცხადა ალფა ტაურის შეფმა ფრანც ტოსტმა. ანონიმი მექანიკოსის თქმით, ფორმულა 1-დან წასვლაზე უკვე მართლაც ბევრი მექანიკოსი ფიქრობს.

ასტონ მარტინის გუნდის შეფი ოტმარ საფნაუერი კი ამბობს, რომ გუნდში უკვე მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები: “გადავდგით გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენს თანამშრომლებს მგზავრობა და მუშაობა მაქსიმალურად გაუადვილდეთ. როტაციას მივმართავთ და გუნდში სხვადასხვა საორგანიზაციო ცვლილებებს შევიტანთ, რათა სამუშაო ოპტიმალურად გადანაწილდეს.”

თუ მექანიკოსების ყოველდღიურობა არ შემსუბუქდა, შესაძლოა, საპროტესტო ზომებს მიმართონ...

კომენტარები

ბოლო ამბები