Thumbnail

ტრანსფერები | ბრძოლა ჰაალანდისთვის - სიტი ფავორიტია, მაგრამ ბაიერნს არ სძინავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანული და ინგლისური მედია ერლინგ ჰაალანდის შესაძლო ტრანსფერზე წერს
  • მანჩესტერ სიტიმ ნორვეგიელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო

“ჰაალანდს შეუძლია, ყველას დაელოდოს. ჩვენ საუკეთესო ვარიანტს შევარჩევთ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ დორტმუნდში კიდევ ერთი წელი დარჩეს. თეორიულად ესეც შესაძლებელია.” - ცნობილი აგენტის, მინო რაიოლას ამ სიტყვებმა რამდენიმე დღის წინ დორტმუნდის ბორუსიას გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ მათი საყვარელი გუნდის გოლეადორის ტრანსფერი, შესაძლოა, არც შედგეს. თუმცა 21 წლის ნორვეგიელის შესახებ სპეკულაციები მაინც არ შეწყვეტილა - ჰაალანდისთვის ბრძოლაში ევროპულ სპორტულ მედიას ფავორიტად მანჩესტერ სიტი მიაჩნია.

ყველამ იცის, რომ ხოსეპ გვარდიოლა ახალ ცენტრფორვარდს ეძებს. ზაფხულში პეპი ჰარი კეინის გადასაბირებლად იბრძოდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. ახლა კი სიტის ფავორიტი სწორედ ჰაალანდია. Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ნორვეგიელთან და ცდილობენ, რომ ჰაალანდი ზაფხულში ტრანსფერზე დაითანხმონ.

"Und alles Gute" - გერმანელები ამას დამშვიდობებისას ამბობენ. დორტმუნდის ფანებისთვის ჰაალანდთან დამშვიდობება კოშმარული პერსპექტივაა

ცნობილია ისიც, რომ ჰაალანდს დორტმუნდთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ზაფხულში მას ბორუსიას დატოვება 75 მილიონ ევროდ შეუძლია, რაც ამ დონის, შესაძლებლობებისა და პოტენციალის მქონე ფორვარდისთვის არც ისე დიდი თანხაა. გერმანული SPORT BILD კი წერს, რომ დორტმუნდელებს ჰაალანდის შენარჩუნება სურთ და მზად არიან, ხელფასი 16 მილიონ ევრომდე გაუზარდონ, რაც მას BVB-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევდა.

სიტის გარდა, ერლინგ ჰაალანდისთვის ბრძოლას მანჩესტერ იუნაიტედიც აპირებს. დაინტერესებულია მადრიდის რეალიც, რაც ბორუსიას ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ბოლოს “ბილდს” დაუდასტურა. ნორვეგიელის შეძენის სურვილი ბარსელონაშიც აქვთ, მაგრამ მისი კატალონიურ გრანდში გადასვლა ნაკლებად რეალურია - რა თქმა უნდა, ბარსას ფინანსური პრობლემების გამო.

ნორვეგიელზე მიუნხენშიც ფიქრობენ - ლევანდოვსკის შესაძლო შემცლელად

SPORT BILD ჟურნალის ახალ ნომერში იმასაც წერს, რომ ჰაალანდისთვის ბრძოლა ჯერ არც მიუნხენის ბაიერნს შეუწყვეტია. მართალია, ცოტა ხნის წინ, რეკორდმაისტერის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ კანმა ნორვეგიელის შესახებ დასმულ კითხვას რობერტ ლევანდოვსკის ქებით უპასუხა, მაგრამ თუ პოლონელი მიუნხენურ გრანდთან 2023 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს მალე არ გააგრძელებს, კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ჰაალანდისთვის ბრძოლაში უკვე ღიად ჩაერთვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები