Thumbnail

ბრიტანული გაზეთი Daily Express ირწმუნება, რომ ლიდს იუნაიტედის ხელმძღვანელობამ სპორტულ დირექტორ ვიკტორ ორტას £48.3 მილიონი გამოუყო (დაახლოებით 57 მილიონი ევრო), რათა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მარსელო ბიელსას გუნდი ოთხი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდეს. გაზეთის მტკიცებით, ერთ-ერთი სავარაუდო ფეხბურთელი ყაზანის რუბინის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაა

"ლიდს იუნაიტედის დირექტორ ვიკტორ ორტას ყველაზე რთული სატრანსფერო ფანჯარა ელის იანვარში. წლეულს მარსელო ბიელსას გუნდი ცუდად თამაშობს, მას მერე, რაც შესანიშნავი წინა სეზონი ჰქონდა, როცა მე-9 ადგილი დაიკავა და ფანებს ევროასპარეზზე გასვლის იმედიც ჩაუსახა. ზაფხულში ლიდსმა £50 მილიონზე ოდნავ მეტი დახარჯა. დანიელ ჯეიმსი კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. მან გუნდს სტაბილურობა ვერ შემატა.

შობისთვის ლიდსი მხოლოდ 5 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. იანვარში ლიდსის მთავარი მიზანი გაძლიერებაა, რომ გუნდი დაუბრუნდეს ცხრილის შუაწელს და გავარდნა არ დაემუქროს. ორტა 4 ფეხბურთელის შეძენით ცდილობს პრობლემის მოგვარებას", - წერს Daily Express.

"გუნდის მთავარი სატკივარი დაცვის გაძლიერებაა. ლიდსი მოწადინებულია ტოტენჰემიდან ჯო როდონი იჯარით გადაიბიროს, მისი მთავარი კონკურენტი კი ნიუკასლია. თუმცა კლუბს გაძლიერება სხვა პოზიციებზეც ესაჭიროება და რუბინის ხვიჩა კვარაცხელია პოტენციური კანდიდატია. ყაზანელთა მენეჯერმა რუსტემ საიმანოვმა ახლახან დაადასტურა, რომ 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის შეთავაზების შემთხვევაში, კლუბი ხვიჩას გაყიდვაზე უარს ვერ იტყვის", - წერს Daily Express.

როდონისა და კვარაცხელიას გარდა, ორტას სამიზნეებად ელიფ ელმასი (ნაპოლი) და დერილ დაიკი (ორლანდო სიტი) მიიჩნევიან. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბრიტანული მედია გასულ ზაფხულშიც უკავშირებდა ლიდს იუნაიტედს, თუმცა ახლა ყველაზე სავარაუდო კლუბად, რომელსაც 20 წლის ქართველის შეძენა სურს, ვესტ ჰემ იუნაიტედი სახელდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები