Thumbnail

ქევხიშვილი წავიდა, თუმცა მისი გუნდი რჩება - ქართულ ძიუდოში ისევ განხეთქილებაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა
  • ძიუდოს ფედერაციის მუშაობას აღმასკომის 5-კაციანი ჯგუფი უზრუნველყოფს

მას შემდეგ, რაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან დავით ქევხიშვილი გადადგა, ქართველი ძიუდოისტები ტატამს დაუბრუნდნენ და ვარჯიში განაახლეს. თუმცა, როგორც ჩანს, ამით ყველა პრობლემა არ მოგვარებულა და ქართულ ძიუდოში ისევ განხეთქილებაა…

როგორც ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომში ისევ ძველი ხალხია, რომლებიც დავით ქევხიშვილს უჭერდნენ მხარს. ჭრიკიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ აღმასკომი უმოკლეს დროში გაიწმინდოს და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სათავეში ის ხალხი მოვიდეს, ვინც სწორად წაიყვანს საქმეს.

როგორც ჩანს, დავით ქევხიშვილთან ერთად, ძიუდოს ფედერაციის დატოვებას აღმასკომის წევრები არ აპირებენ და ისინი განაგრძობენ საქმიანობას.

დღეს, 5 ივნისს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე საინტერესო და საგულისხმო გადაწყვეტილება მიიღეს…

აღმასკომის 5 წევრისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ფედერაციის სწრაფ და ეფექტიან მუშაობას. ამ ჯგუფის წევრს, ფედერაციის გენერალურ მდივანს დაეკისრება ფედერაციის მმართველობითი ფუნქციების განხორციელება.

5-კაციანი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა: ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი, მამუკა ნავერიანი

აღმასკომის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი.

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა განიხილა მისი წევრის, შოთა ხაბარელის ქმედებები უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც აღმასკომის ოქმში წერია, ხაბარელის ქმედებებში არსებობს აღმასკომის წევრის სტატუსისთვის შეუფერებელი ნიშნები. 

აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე   

კომენტარები

ბოლო ამბები