Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი სასურველ მარჯვენა მცველს მაინც მიიღებს
  • ესპანელი ინსაიდერი წერს, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია

სანამ სერჟინიო დესტი ამსტერდამის აიაქსიდან ბარსელონაში გადავიდოდა, მის შეძენესთან ასევე ძალიან ახლოს იყო მიუნხენის ბაიერნიც, თუმცა მარჯვენა მცველმა მაშინ საბოლოოდ კატალონიური გრანდი აირჩია. თუმცა, ბაიერნის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს 21 წლის ფეხბურთელთან კონტაქტი ამ ტრანსფერის შემდეგაც არ შეუწყვეტია და დიდი შანსია, რეკორდმაისტერმა დესტის გადაბირება ახლა მაინც შეძლოს.

ტრანსფერების ესპანელი ინსაიდერი და ბარსელონას ექსპერტი, ჟურნალისტი ჟერარდ რომერო წერს, რომ ბაიერნი და ბარსა დესტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

რატომ სურთ კატალონიელებს დესტის გაშვება? საქმე ისაა, რომ ბარსელონაში მისი განვითარების ხარისხით კმაყოფილები არ არიან და ესეც რომ არ იყოს, კატალონიურ გრანდს სასწრაფოდ სჭირდება შემოსავლები იმისათვის, რომ მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს თავისი სატრანსფერო სურვილები შეუსრულონ.

თუკი დესტი მართლაც ახლოსაა ბაიერნში გადასვლასთან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავარიული გრანდი სასურველ ფეხბურთელს მიიღებს. საქმე ისაა, რომ რეკორდმაისტერი დიდი ხანია, ახალ მარჯვენა მცველს ეძებს, დესტი კი ჯერ კიდევ აიაქსში თამაშის პერიოდიდან იყო ბაიერნის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშე. რომეროს ინფორმაციით, ახლა მხოლოდ ერთი დეტალია გაურკვეველი: როდის გადავა დესტი ბაიერნში - ახლავე, ანუ იანვარში თუ 2022 წლის ზაფხულში.

ESPN-ის ინფორმაციით, სერჟინიო დესტის ფასი 20-დან 25 მილიონ ევრომდე იქნება. თავის დროზე, ბარსელონამ აიაქსს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები