Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ახალ მწვრთნელს დანიშნავს
  • ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის რალფ რანგნიკს
  • კრიშტიანო რონალდო მოულოდნელ კანდიდატზე საუბრობს

რალფ რანგნიკი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად ახლახან, ნოემბერში დაინიშნა. 63 წლის გერმანელმა ამ თანამდებობაზე ოლე გუნარ სულშერი (48 წლის) შეცვალა. გეგმის მიხედვით, “პროფესორმა რალფმა” იუნაიტედი ზაფხულამდე უნდა გაწვრთნას, მერე კი მენეჯმენტში უნდა გადაინაცვლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულიდან მანკუნიანელებს ახალი დამრიგებელი სჭირდებათ.

შესაბამისად, უკვე აქტუალურია კითხვა: ვინ შეცვლის რანგნიკს იუნაიტედში?

ცხადია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა გუნდიდან კრიშტიანო რონალდოს მოსაზრებას აქვს. 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დაასახელა სპეციალისტი, რომლის ქებასაც მისგან ნამდვილად არავინ ელოდა. Amazon-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მალე გამოდის, კრიშტიანომ მადრიდის ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 51 წლის არგენტინელი ძალიან მოსწონს.

“მას საკმაოდ დიდი გამბედაობა და სიმამაცე ახასიათებს. მომწონს ასეთი ხალხი!” - ამბობს რონალდო სიმეონეზე. მართალია, ეს მხოლოდ ორი წინადადებაა, მაგრამ ცხადია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელებისთვის CR7-ის ამ ფრაზას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რონალდოს მხრიდან სიმეონეს ქება მოულოდნელი რატომაცაა, ეს ყველამ იცის. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს და არგენტინელ სპეციალისტს ერთმანეთთან დიდი მტრობა აკავშირებთ, წლების მანძილზე მადრიდში ერთმანეთის დიდი მოწინააღმდეგეები იყვნენ. დაუვიწყარია ატლეტიკოსა და იუვენტუსის დუელებიც ჩემპიონთა ლიგაში, როცა ტურინულმა გრანდმა მადრიდული პლეი ოფში, ორი მატჩის ჯამში დაამარცხა. პირველი თამაშის შემდეგ სიმეონეს ჟესტი გახდა ლეგენდარული, საპასუხო შეხვედრის შემდეგ კი - რონალდოს ქმედება. დეტალებზე აღარ მოვყვებით - ისედაც ყველას ყველაფერი ახსოვს.

დიეგო სიმეონემ ატლეტიკო 2011 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ მადრიდულმა კლუბი ესპანეთსა და ევროპაში გრანდად აქცია. რონალდო რეალში 2009-დან 2018 წლამდე თამაშობდა და 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა. კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ სწორედ სიმეონეს ატლეტიკოს მოუგო. საერთო ჯამში, კრიშტიანომ ატლეტიკოს ოთხჯერ შეუსრულა ჰეთ თრიკი.

ფაქტია, დიეგო სიმეონეს მანჩესტერ იუნაიტედში დანიშვნა, სადაც რონალდო თამაშობს, ძალიან დიდი ამბავი იქნებოდა…

კომენტარები

ბოლო ამბები