Thumbnail

'შავდათუაშვილის წელი' - EJU ქართველი ძიუდოისტის წარმატებებზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე და ახლა, 3 მთავარი ტიტულის მფლობელი ვარ'
  • ლაშა შავდათუაშვილის კომენტარი 2021 წლის შედეგების შესახებ

ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) წლის საუკეთესო ძიუდოისტების წარდგენას განაგრძობს და ჯერი 29 წლის ლაშა შავდათუაშვილზეც მიდგა, რომელსაც ძალიან წარმატებული პერიოდი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში წელი პირველ ადგილზე დაასრულა და სტატიაში, რომელსაც "შავდათუაშვილის წელი" ჰქვია, მიღწევების შესახებაც ისაუბრა:

“საოცარი გრძნობაა, როდესაც ასეთ წარმატებებს აღწევ. ეს წელი ჩემთვის მართლაც ჩინებული იყო. რეიტინგში პირველ პოზიციაზე ვიმყოფები და მიხარია, რომ არ ვჩერდები. დიდი ხნის მცდელობების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე და ახლა, 3 მთავარი ტიტულის მფლობელი ვარ: ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის პირველობების გამარჯვებული. ეს შედეგი ბევრი მუშაობისა და თავდადების შედეგია.

წარმატებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, ჩემთვის ძიუდო ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველაფერი მომცა, რაც კი დღეს გამაჩნია. პირველ რიგში, დიდებული ქომაგები მყავს, რომლებიც ჩემს წარმატებებსა და სიხარულს იზიარებენ. ეს ბრძოლისთვის დამატებით მოტივაციას მაძლევს. როდესაც რაიმე ტურნირს ვიგებ, მაშინვე მავიწყდება ის მძიმე შრომა, რაც გავწიე და ისევ მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიში მინდება. ბედნიერი ადამიანი ვარ და ამისთვის, ღმერთს მადლობას ვუხდი!”.

შეგახსენებთ, რომ წელს ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე მე-2 იყო ევროპის ჩემპიონატზე, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი პირველობა არავის დაუთმო და ამ ტიტულის მფლობელი კარიერაში პირველად გახდა. სათქმელია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ ცერემონიალზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) შავდათუაშვილი ვაჟთა შორის წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები