Thumbnail
  • გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა იანვარში უკრაინის ჩემპიონატი დატოვოს
  • 21 წლის ფეხბურთელს უნგრული, სლოვაკური და პოლონური ვარიანტები აქვს
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე უფლებებს კიევის დინამო ფლობს

ოდესის ჩერნომორეცისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი უნგრულ ფეჰერვარს დაუკავშირეს. nso.hu-ს ინფორმაციით, 21 წლის შემტევი ნახევარმცველით უნგრული კლუბი დაინტერესებულია და ტრანსფერი შეიძლება იანვარში შედგეს.

წყაროს თანახმად, ფეჰერვარში აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და არც დეტალები ვრცელდება. უნგრულ კლუბში ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს - ბუდუ ზივზივაძე.

აღსანიშნავია, რომ ფეჰერვარი არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც წიტაიშვილი ბოლო დროს დაუკავშირეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ბრატისლავის სლოვანის შესახებ, რომელსაც ვლადიმირ ვაისი წვრთნის. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი პირადადაა დაინტერესებული გიორგის გადაბირებით, ხოლო ასევე პოლონურ პრესაში რამდენიმე დღის წინ კრაკოვის ვისლას ინტერესის შესახებაც გაიჟღერა.

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა

გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში დაიწყო და ამავე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მათ შორის, 20-წლამდელთა რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგიმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევს. 21 წლის შემტევმა საქართველოს ნაკრებში ამ დროისთვის 5 მატჩის ჩატარება მოახერხა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

წიტაიშვილი დინამო კიევის აკადემიის აღზრდილია და მის საკუთრებაშია, თუმცა, იჯარით ჩერნომორეცში თამაშობს და უკრაინის ჩემპიონის მიმდინარე სეზონში 13 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები