Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 125:96 ინდიანა პეისერსი
  • ქართველმა ცენტრმა 2 სამქულიანი ააცილა, ერთი ორქულიანი კი ჩააგდო
  • მაიამის 26-26 ქულით ტაილერ ჰიროუმ და დანკან რობინსონმა ულიდერეს

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. სტუმრად მაიამიში უშანსოდ დამარცხდა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი, თავად ქართველმა ცენტრმა კი მოედანზე 7:16 წუთი გაატარა და 2 ქულა მიითვალა.

გოგა თამაშში ბოლო მეოთხედში ჩაერთო და მეტოქის ფარს ზედიზედ ორჯერ პერიმეტრიდან უშედეგოდ შეუტია. არაზუსტი სამქულიანების შემდეგ ბითაძემ 2-ქულიანი ჩააგდო. 

ჰიტმა "ამერიკან ეირლაინს-არენაზე" უპირატესობის მოპოვება პირველ მეოთხედშივე შეძლო, რომელიც 12 ქულით მოიგო (33:21). აქედან მოყოლებული, ინდიანას შანსი აღარ ჰქონია და საბოლოოდ სოლიდური სხვაობითაც დამარცხდა. 

გოგამ პერიმეტრიდან ორივეჯერ არაზუსტად ისროლა 

მოედანზე ყველაზე შედეგიანები მაიამის მცველები: ტაილერ ჰიროუ და დანკან რობინსონი იყვნენ, რომლებმაც თავიანთ გუნდს 26-26 ქულა მოუტანეს. პირველმა 8-იდან 5 სამქულიანი ჩააგდო, მეორემ - 10-იდან 6. ჰიტიდან სამმაგ დუბლს მიუახლოვდა კაილ ლოური, რომელმაც თამაში 8 ქულით, 11 მოხსნითა და 12 პასით დაასრულა. პეისერსში ყველაზე მეტი - 17-17 ქულა ჰქონდათ კარის ლევერტსა და კრის დუარტეს. 

ინდიანა პეისერსს 13 მოგება და 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზოიციაზე რჩება. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 24 დეკემბერს, შინ ჰიუსტონ როკეტსთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები