Thumbnail

ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმა - გიორგიმ გენტში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

22 დეკემბერს გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ბელგიის თასის 1/4 ფინალურ მატჩში ლიეჟის სტანდარდს დაუპირისპირდება. დღეს ჰეინ ვანჰეზებრუკმა გამოაცხადა იმ ფეხბურთელთა 20-კაციანი სია, რომლებიც ამ თამაშისთვის ემზადებიან. სამწუხაროდ, 22 წლის ქართველი ნახევარმცველი კვლავ სიის მიღმა დარჩა. 

ბოლო ხანებში გენტის თავკაცი გიორგის არ წყალობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძე ტრავმირებული არ არის, შემტევი ნახევარმცველი ვანჰეზებრუკს სამატჩო განაცხადშიც კი აღარ შეჰყავს. გამონაკლისი კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იყო ფლორასთან. ამ შეხვედრაში გიორგიმ 70 წუთი იყო და სხვათა შორის, მას ურიგოდ არ უთამაშია. ეს იყო 9 დეკემბერს, მანამდე ქართველი ლეგიონერი მოედანზე ბოლოს 7 ნოემბერს გავიდა. საერთო ჯამში ამ სეზონში ჩაკვეტაძეს (ჩემპიონატში, თასზე და ევროთასებზე) 15 თამაში დაუგროვდა (7 სასტარტო შემადგენლობაში). მან 1 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

ბელგიურ voetbalbelgie.be-ს გიორგი ჩაკვეტაძე უკვე გენტიდან სავარაუდო წამსვლელთა სიაში ჰყავს მოხსენიებული, რომან ბეზუსთან ერთად. Матч ТВ-ის ცნობით, ჩაკვეტაძეს რამდენიმე კარგი წინადადება აქვს ევროპული ტოპლიგებიდან და კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიცვლის. თუმცა ამ ფორმით, ტოპლიგაში გიორგის ტრანსფერი რეალური არ გვგონია. 

სტანდარდთან მატჩის გარდა, გენტს წლეულს ერთი შეხვედრა რჩება, 26 დეკემბერს გენტი ჟუპილერ ლიგის ლიდერ უნიონს სტუმრობს. დიდი შანსია, რომ ვანჰეზებრუკი არც ამ მატჩის განაცხადში შეიყვანს ქართველ ფეხბურთელს. გენტი სეზონს 14 იანვარს განაახლებს. ასე რომ, არც ის არის გამორიცხული, რომ გიორგიმ თავისი ბოლო შეხვედრა გენტის რიგებში უკვე ითამაშა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა. ბელგიური მედიის ცნობით, მის სანაცვლოდ €1.5 მილიონი გადაიხადეს. 2018/19 წლების სეზონის პირველი ნახევარი გიორგის ფანტასტიკური ჰქონდა, მას ბევრ ტოპკლუბს უკავშირებდნენ, ხოლო "ტრანსფერმარკტმა" მისი ფასი 9 მილიონ ევრომდე გაზარდა. შემდეგ მძიმე ტრავმამ ჩაკვეტაძე უკან დახია. ახლა "ტრანსფერმარკტზე" მისი ფასი 2.7 მილიონი ევროა. ის გენტს კონტრაქტით 2023 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები