Thumbnail

'გაბაშვილიც ასე გამოიჭირეს' - რუსეთი დოპინგის მიღებაში ისევ პირველია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 2019 წელს 1 914 დარღვევა დაფიქსირდა, რომლებიც 89 სპორტსა და 117 ქვეყანაზე მოდის
  • ყველაზე მეტი - 167 შემთხვევა რუსეთში ფიქსირდება, რომელიც უკვე დასჯილია

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ყველაზე მეტი დარღვევა რუსეთს უგროვდება.

“2018 წელთან შედარებით დოპინგთან დაკავშირებული შემთხვევები 34%-ით არის გაზრდილი და ეს ყურადსაღები მომენტია. მათი უმეტესობა მტკიცებულებების საფუძველზე გამოაშკარავდა, რასაც საგამოძიებო სამსახურების მუშაობა უძღოდა წინ. ნათელია, რომ WADA-სა და სხვა ანტისადოპინგო ორგანიზაციების მუშაობა კარგ შედეგს იძლევა”, - განაცხადა აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ოლივიე ნიგლიმ.

ცნობისთვის, 2019 წელს სულ 1 914 დარღვევა დაფიქსირდა, რომლებიც 89 სპორტსა და 117 ქვეყანაზე მოდის, ამასთან, 1 573 შემთხვევა დოპინგ-სინჯების წყალობით გამოვლინდა, დანარჩენები კი გამოძიების შედეგად გამოაშკარავდა. როგორც აღვნიშნეთ, ლიდერი რუსეთია, რომლის წარმომადგენლებსაც აკრძალული პრეპარატების მიღება 167-ჯერ დაუფიქსირდათ.

ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსები ოლიმპიური დროშით გამოვიდნენ

სხვა საქმეა, რომ რუსები ამ უმძიმესი სტატისტიკასაც არ ეპუებიან და მის გაუბრალოებას ცდილობენ, რაზეც ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შამილ ტარპიშჩევის განცხადებაც მოწმობს.

“ეს ციფრები არაფერზე მეტყველებს. ახლა, შეიძლება ნებისმიერ რამეზე ჩავარდე. აქ, პირველ პლანზე კულტურის საკითხი გამოდის. მაგალითად, ამერიკელი მოსწავლე ღია ბოთლიდან წყალს არასდროს დალევს, ეს ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს. გვქონდა შემთხვევები, როდესაც ავადმყოფობის დროს ექიმი მოდის, სპორტსმენს გარკვეულ წამალს აძლევს, მას კი ამის შესახებ განცხადება უბრალოდ ავიწყდება. ასე დაგვემართა სვეტლანა კუზნეცოვასთან დაკავშირებით. თეიმურაზ გაბაშვილიც ასე გამოიჭირეს, რაღაც მედიკამენტებზე და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სპორტსმენები ხომ განსაკუთრებული ხალხია, 167 შემთხვევა კი არაფერია, სასაცილო სტატისტიკაა”.

შეგახსენებთ, რომ WADA-მ რუსებს სანქციები სწორედ 2019 წელს დააკისრა და მათ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე ეროვნული სიმბოლიკით ასპარეზობა აეკრძალათ. შედეგად, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც რუსები არა სამფეროვანი, არამედ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოდიოდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები