Thumbnail
  • 📅 19 დეკემბერი | 🏟 ‘სან სირო’ | ⌚ 23:45 | ⚽ მილანი V ნაპოლი
  • მილანი სერია A-ს ბოლო 22 მატჩიდან 20-ში დაუმარცხებელია
  • ნაპოლიმ ბოლო 3 შეხვედრაში ჯამში 6 ბურთი გაუშვა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

იტალიის სერია A-ს კვირის გვიანი მატჩი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს!

ეს იტალიური ფეხბურთის ნამდვილი კლასიკაა: მილანი მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლის უმასპინძლებს. რაც მთავარია, მატჩს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარეც უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ლიდერმა ინტერმა თავისი თამაში მოიგო (5:0 სალერნიტანასთან), მეორე ადგილზე მყოფი მილანი კი 4 ქულით ჩამორჩება. ნაპოლიც იქვეა - მეოთხე ადგილზე და მილანს 3 ქულით ჩამორჩება.

“როსონერიმ” ახლო წარსულში სტაბილურობა დაკარგა - მილანელებმა სერია A-ს ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგეს (1 ფრე, 2 მარცხი), წინა ტურში კი სტეფანო პიოლის გუნდს უდინეზესთან ქულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ეფექტური გოლით გადაურჩინა.

ბოლო დროს უფრო უარესად გამოიყურება ნაპოლი, რომელზეც თამამად ითქმის, რომ კრიზისი აქვს. სამხრეთიტალიელებმა ზედიზედ ორი მარცხი იწვნიეს, იტალიის ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშიდან კი სულაც 3 წაგებული აქვთ (1 მოგება, 1 ფრე). ატალანტასთან და ემპოლისთან ზედიზედ ორი საშინაო მარცხის შემდეგ ნაპოლის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, თუმცა გუნდი საუკეთესო ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს.

მილანი ბოლო დროს ვეღარ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორითაც სეზონი დაიწყო. ცხადია, ეს ტრავმების ბრალიცაა - პიოლის რებიჩის, ლეაოს, ჟირუს და კიაერის სახით მნიშვნელოვანი ფიგურები აკლია. უდინეზესთანაც, ზლატანის გოლამდე მილანელები შეტევაში უიმედოდ გამოიყურებოდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მილანის წინა ხაზი სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია - იბრას და კომპანიას 36 გოლი აქვთ გატანილი, რაც ლიგაში მესამე შედეგია. ვეტერან შვედ ფორვარდს გუნდში ყველაზე მეტი, 7 გოლი აქვს გატანილი და საშუალოდ 88 წუთი სჭირდება გასატანად. ნაპოლის მცველებისთვის მის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებული გამოწვევა იქნება - განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ნაპოლის სერია A-ს ბოლო 3 თამაშში 6 გოლი აქვს გაშვებული. თანაც, ნეაპოლელებს დაცვის ხაზის ლიდერი კულიბალი არ ჰყავთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანი სერია A-ს ბოლო 22 მატჩიდან 20-ში დაუმარცხებელია.

⚽ ნაპოლიმ სერია A-ს ბოლო 12 გასვლითი თამაშიდან 10-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ ამ გუნდებს შორის მილანში ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ იტალიის ჩემპიონატის ბოლო 12 გასვლითი მატჩიდან ნაპოლიმ 11 არ წააგო.

⚽ ნაპოლის იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო დაცვა ჰყავს - ნეაპოლელებს 17 ტურის შემდეგ ყველაზე ცოტა, 13 გოლი აქვთ გაშვებული.

⚽ თუმცა, ნაპოლიმ ბოლო 3 შეხვედრაში ჯამში 6 ბურთი მიიღო.

⚽ ნაპოლიმ მილანთან ბოლო 13 დუელიდან (სერია A) მხოლოდ 1 წააგო.

⚽ ნაპოლის მილანისთვის ბოლო 4 თამაშში ყოველთვის მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-2-3-1): მენიანი - ფლორენცი, ტომორი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - დონალი, კესიე - სალემაკერსი, დიასი, კრუნიჩი - იბრაჰიმოვიჩი
ტრავმა: რებიჩი, კიაერი, კალაბრია, პელეგრი, ლეაო.

ნაპოლი (4-2-3-1): ოსპინა - მალკუიტი, რაჰმანი, ჟუანი, ლორენცო - ანგისა, დემე - პოლიტანო, ზელინსკი, ინსინიე - მერტენსი.
ტრავმა: ოსიმენი, მარიო რუი, კულიბალი

კომენტარები

ბოლო ამბები