Thumbnail

ფუტსალი | ელისანდროს ჰეთ თრიკი - საქართველომ სერბეთი დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ამხანაგური მატჩი | საქართველო 4:3 სერბეთი
  • გოლები1:0 ელისანდრო (8), 2:0 თალესი (21), 3:0 ელისანდრო (22), 4:0 ელისანდრო (29), 4:1 რამიჩი (35), 4:2 ტომიჩი (37), 4:3 ტომიჩი (37)
  • საქართველოს ნაკრები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს
  • ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ოდნავ მეტი დარჩა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის ფინალური ეტაპისთვის მზადების პროცესში მე-2 ამხანაგური თამაში ჩაატარა, მიმდინარე წლის ბოლომდე კი კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ნაკრები თბილისში სერბეთის გუნდს გაეჯიბრა, რომელსაც 2 დღის წინაც შეხვდა და მაშინ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. თავიდანვე ვთქვათ, რომ სერბეთიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა.

ამჯერად საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოახერხა - 4:3. ასათიანის გუნდი მე-8 წუთზე დაწინაურდა და ისევე, როგორც წინა შეხვედრაში, ახლაც ანგარიში ელისანდრომ გახსნა, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა. სერბებს გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ თორნიკე ბუკიამ სტეფან რაკიჩის დარტყმული პენალტი მოიგერია. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ მე-2 ნახევრის სტარტი საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური გამოდგა.

21-ე და 22-ე წუთებზე ქართველებმა ორჯერ გაიტანეს. ჯერ თალესმა აიღო სტუმართა კარი ძალიან ლამაზი გოლით, ხოლო შემდეგ ელისანდრომ დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი პრაქტიკულად 22-ე წუთისთვის გადაწყდა. ზოგადად, ბრაზილიელის შეჩერება სერბებმა ვერ მოახერხეს და ელისანდრომ 29-ე წუთზე ჰეთ თრიკიც შეასრულა და სხვაობა 4-ბურთიანი გახადა.

ყველაფერი გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრები მოდუნდა და სერბებმა 2 წუთში სამჯერ გაიტანეს! ჯერ სხვაობა დენის რამიჩმა შეამცირა, ხოლო 37-ე წუთზე დრაგან ტომიჩმა დუბლი გაიფორმა და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე უპირატესობა მხოლოდ ერთბურთიანი იყო. საქართველო ვეღარ ახერხებდა მეტოქის შეტევებისგან სათანადოდ დაცვას და სულ მალე ასათიანის გუნდი ხარიხამ გადაარჩინა, თორემ ანგარიში გათანაბრდებოდა. საბოლოოდ, ბოლო წუთების დაძაბულობის მიუხედავად, საქართველომ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ ორი ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და 21-22 დეკემბერს, ყირგიზეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ასათიანის შეგირდები D ჯგუფში ითამაშებენ, აზერბაიჯანის (22 იანვარი), ბოსნიასა (26 იანვარი) და ესპანეთის (29 იანვარი) წინააღმდეგ. სამივე მატჩი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში გაიმართება.

საქართველო 4:3 სერბეთი

გოლები: 1:0 ელისანდრო (8), 2:0 თალესი (21), 3:0 ელისანდრო (22), 4:0 ელისანდრო (29), 4:1 რამიჩი (35), 4:2 ტომიჩი (37), 4:3 ტომიჩი (37)

საქართველო: ბუკია, თალესი, რონინიო, ღავთაძე, ელისანდრო, ჯამბურია, ქურდაძე, თოფურია, სებისკვერაძე, კეკელია, თოდუა, კურტანიძე, გიორგაია, ჭუმბურიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები