Thumbnail

ფორმულა 1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სერ ლუის ჰემილტონს მერვე ტიტულის სკანდალურად დაკარგვის (ბოლო რბოლის ბოლო წრეზე) შემდეგ, ჯარიმაც ემუქრება!

აბუ დაბის რბოლის დროს მიღებული საკამათო გადაწყვეტილებების გამო ნაწყენი ბრიტანელი ხუთშაბათს, FIA-ს გალა-ღონისძიებაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა და როგორც შანს, ამას არ აპატიებენ. წესი ასეთია: ღონისძიებას სეზონის სამი საუკეთესო მრბოლელი აუცილებლად უნდა დაესწროს.

“წესის დარღვევას ვერავის ვაპატიებთ. წესი წესია!” - განაცხადა FIA-ს ახალმა პრეზიდენტმა მოჰამედ ბენ სულაიემმა.

მერსედესის გუნდი სეზონის დრამატული ბოლო რბოლის შედეგს თავიდან აპროტესტებდა - საქმე ეხებოდა Safety-Car-ის გადამწყვეტ ფაზას ბოლო რბოლის ბოლო წრეზე. რბოლის კომისიამ არცერთი პროტესტი არ მიიღო. მოგვიანებით, მერსედესში გადაწყვიტეს, რომ აპელაცია გაეუქმებინათ და საქმე სასამართლომდე აღარ მივიდა. შედეგად, რედ ბულის პილოტი მაქს ფერსტაპენი ოფიციალურად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

“ვიცი, რომ ლუისი მართლაც ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რაც მოხდა. მე ვიტყოდი, რომ ის გატეხილი და გულდაწყვეტილია.” - დასძინა ბენ სულაიემმა, რომელიც FIA-ს ახალ პრეზიდენტად აირჩიეს (მან ჟან ტოდტი შეცვალა). 

აბუ დაბის სკანდალური გრანპრის შემდეგ ლუის ჰემილტონი დუმს და დაიწყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ გამორიცხული არ არის, სულაც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდეს. მერსედესის გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა აღნიშნა, რომ ბრიტანელ მრბოლელს დიდი დრო დასჭირდება იმის დასავიწყებლად, რაც მოხდა. ვოლფმა “ბილდს” საკმაოდ საინტერესო ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ყველაფერზე გულახდილად ისაუბრა და თქვა, რომ მერსედესი მომდევნო სეზონს გაორმაგებული მოტივაციით ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები