- გოდფრი ბიტოკი დინამო თბილისში იჯარით ითამაშებს
- 21 წლის ნიგერიელმა გასული სეზონი იაგელონიაში გაატარა
- წელს საუკეთესო სეზონი ჰქონდა - დინამომ უკრაინელი შემტევი დაიმატა
დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა - საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ნიგერიელი მცველი გოდფრი სტეფან ბიტოკი დაიმატა.
როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი წერს, 21 წლის ფეხბურთელი კლუბს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა. ის პოლონური იაგელონიას საკუთრებაა და დინამოში განათხოვრების წესით ითამაშებს.
"ვიცი, რომ დინამო ისტორიული გუნდია. მის შესახებ ადრეც მქონდა ინფორმაცია. ახლა კი აქ ვარ და ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა. ამ კლუბს მრავალწლიანი ისტორია აქვს და ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი გავხდი. ჩემი მიზანია, რომ კლუბს წინსვლასა და ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. ყველა თამაშში გამარჯვება მსურს," - აცხადებს ბიტოკი.

📸 | ფოტო: დინამო თბილისი
ბიტოკი იაგელონიამდე ბელარუსული ისლოჩის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 59 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი ძირითადი პოზიცია დაცვის მარცხენა ფლანგია (ცაციაა), თუმცა ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. "ტრანსფერმარკტი" მას 200 000 ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა მანამდე უკრაინელი თავდამსხმელის, სტანისლავ ბილენკის ტრანსფერი დაადასტურა.
კომენტარები