Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრები, რომელიც მომავალ წელს "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი მეტოქე იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში, ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. უელსელმა სპეციალისტმა ლინ ჯონსმა, რომელიც "დათვებს" 2018 წლიდან წვრთნიდა, თანამდებობის დატოვების შესახებ ნოემბრის ბოლოს ოფიციალურად გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრების პრინციპულ მეტოქეს, დიდი ალბათობით, კვლავაც უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებს. ამის შესახებ მედიასთან რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ იგორ არტემიევმა განაცხადა. 

"დიდი ალბათობით, ის უცხოელი იქნება. ოღონდ იმ პირობით, რომ მასთან ერთად ორი ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა მწვრთნელი იმუშავებს, რომლებიც სამომავლოდ მას შეცვლიან. ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ გვესმის, რომ ჩვენი მორაგბეების საბაზისო უნარები შორსაა წამყვანი სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლების ანალოგიური უნარებისგან", - თქვა არტემიევმა.

რუსეთის ნაკრები 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებს 27 თებერვალს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე ჩატარდება. 

საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 25 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც 23 "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, კიდევ ერთი კი, სულ პირველი, რომელიც 1993 წელს ჩატარდა, "დათვების" გამარჯვებით დასრულდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები