Thumbnail

NBA-ს განვითარების ლიგაში გოგა ბითაძის ფორტ ვეინ მედ ანტსმა გიორგი ბეჟანიშვილის გრანდ რაპიდს გოლდსს 131:127 სძლია, ქართველმა კალათბურთელებმა კი ჯამში 63 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვეს.

შეხვედრის გმირი ბითაძე გახდა, რომლის ინდიანა პეისერსიც დაახლოებით იმავე დროს სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსს ეთამაშებოდა, თუმცა, ქართველი ცენტრის დახმარება არ ისურვა. გოგას დასამტკიცებელი ბევრი რამ ჰქონდა და ფორტ ვეინში დროებითი განათხოვრების კვალად, საკუთარი შანსი კარგად გამოიყენა.

გოგა 5 მეტოქის გარემოცვაში, რომელთა შორის ბეჟანიშვილი, ტომასი, სტაუსკასი და სტივენსონი არიან

ბითაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 38 ქულა, 14 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 7 ორქულიანი, 8-დან 6 სამქულიანი და 3 საჯარიმო (G ლიგაში არსებული ექსპერიმენტული წესის თანახმად, გუნდურ ლიმიტამდე შესრულებული პირველი ჩაგდებული საჯარიმო პირდაპირ ორ ქულად ითვლება) ჩააგდო. გოგას ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა, ამდენად, ძალიან ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა.

შედეგიანად გაისარჯა გრანდ რაპიდსის ქართველი მძიმე ფორვარდი/ცენტრი გიორგი ბეჟანიშვილიც, რომელსაც ავსტრიის მოქალაქეობა გააჩნია. ის ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და 37 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ბეჟანიშვილმა 12-დან 11 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, რომელთაგან ერთ-ერთზეც ხსენებული წესი მოქმედებდა.

გიორგი ბეჟანიშვილი გოგა ბითაძეს გასცდა და 2 ქულა მიითვალა

საინტერესოა, რომ ბითაძის ჩინებულმა თამაშმა გადაფარა გოლდსის 3 კალათბურთელის გარჯა, რომელთაც NBA-ში უმაღლეს დონეზე უთამაშიათ. გრანდ რაპიდსის რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ეგრევე 42 ქულა ჩააგდო NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა აიზეა ტომასმა, რომელსაც საკრამენტოს, ფენიქსის, ბოსტონის, კლივლენდის, ლეიკერსის, დენვერის, ვაშინგტონისა და ნიუ ორლეანის მაისურით უთამაშია და ლიგის ოლ სტარის ორგზის მონაწილე გახლავთ. ლენს სტივენსონმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 10 პასი მიითვალა, ნიკ სტაუსკასმა კი – 13 ქულა ჩააგდო.

ფორტ ვეინ მედ ანტსმა ბითაძის დახმარებით 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და G ლიგის ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო გრანდ რაპიდსი (5 მოგება, 6 წაგება) მეექვსეა. ფორტ ვეინს მომდევნო მატჩი 27 დეკემბერს კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსთან ელის და მცირე შანსია, გოგა იმ მატჩშიც ვიხილოთ (წესით, ინდიანამ უნდა დაიბრუნოს), გოლდსი კი 17 დეკემბერს ვინდი სიტი ბულსს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები