Thumbnail

ქართველი ძალოსნების მეორე-მესამე ადგილები მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უზბეკეთში მიმდინარე ტურნირზე საქმეში კიდევ 2 ქართველი ძალოსანი ვიხილეთ
  • 17 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე უძლეველი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წევრმა იასპარეზა, თუმცა, ისინი B ჯგუფში გამოდიოდნენ და ცხადია, მედლების აღების შანსი არ ჰქონიათ.

102 კგ-მდე წონითი კატეგორიის შეჯიბრში ქართველთაგან უკეთესი შედეგი 22 წლის ირაკლი ჩხეიძემ აჩვენა, რომელმაც ატაცში 162 კგ-ით მე-2 შედეგი დააფიქსირა, აკვრაში კი 201 კგ-ით საერთოდაც პირველი იყო. ჯამში ჩხეიძემ 363 კგ. დააგროვა და B ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჯერ კიდევ 2018 წელს დამყარებულ პირად რეკორდს (382 კგ.) ერთბაშად 19 კგ-ით ჩამორჩა, ამდენად, ცხადია, რომ მსოფლიოს პირველობას საუკეთესო ფორმაში არ შეხვედრია.

ირაკლი ჩხეიძე

ატაცი: 157 კგ. ✅, 162 კგ. ❌, 162 კგ. ✅

აკვრა: 193 კგ. ✅, 201 კგ. ✅ 206 კგ. ❌  

რაც შეეხება ზაზა ლომთაძეს, მან ატაცში 158 კგ. დასძლია, აკვრაში კი 199 კგ. დააფიქსირა. საინტერესოა, რომ ლომთაძემ შტანგასთან 6-დან 5 მისვლა გამოიყენა და ამ მხრივ ერთადერთი იყო. საბოლოო ჯამში, ზაზას 351 კგ. მოუგროვდა და მსოფლიოს პირველობის B ჯგუფში მე-3 პოზიცია დაიკავა.

ზაზა ლომთაძე

ატაცი: 151 კგ. ✅, 155 კგ. ✅, 158 კგ. ✅

აკვრა: 187 კგ. ✅, 193 კგ. ✅ 198 კგ. ❌  

შეგახსენებთ, რომ ქართულ დელეგაციას უზბეკეთში 2 მედალი აქვს მოგებული. ვერცხლს დაეუფლა შოთა მიშველიძე (61 კგ.), ხოლო რევაზ დავითაძემ (89 კგ.) ბრინჯაო დაისაკუთრა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 2 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: 17 დეკემბერს ფიცარნაგზე 2-გზის ოლიმპიური, 4-გზის მსოფლიო და 5-გზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე (ორივე +109 კგ.) გავლენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები