Thumbnail

ციფრები არ ტყუიან - მოუკლო თუ არა სინამდვილეში ხვიჩა კვარაცხელიამ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსეთის პრემიერ-ლიგაში ზამთრის შესვენებაა   
  • ხვიჩა კვარაცხელიას წინა სეზონში აქებდნენ, ახლა კი ხშირად აკრიტიკებენ
  • რამდენად იმსახურებს 20 წლის ფეხბურთელის თამაში ამ სეზონში კრიტიკას  

გასულ სეზონთან შედარებით, ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობა რუსულ პრემიერ-ლიგაში ნაკლებად შთამბეჭდავია. 20 წლის ქართველ ნახევარმცველს, რომელიც ზაფხულში ევროპული კლუბების სატრანსფერო სამიზნედ განიხილებოდა, მაგრამ მისი ტრანსფერი რეალობად არ იქცა, რუსული მედია უკვე ხშირად აკრიტიკებს. თუმცა რამდენად შეესააბამება სიმართლეს ნათქვამი, თითქოს, ხვიჩამ თამაშს მნიშვნელოვნად მოუკლო და ის სეზონის ერთ-ერთი იმედგაცრუებაა? იქნებ, ეს მისი კლუბის წარუმატებლობით აიხსნება?

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა 2020/21 წლების სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ევროთასების საგზური მოიპოვა. ქართველ შემტევს ფანტასტიკური გაზაფხული ჰქონდა პრემიერ-ლიგაში, ის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. რუსეთში ახლა 2021/22 წლების ჩემპიონატის პირველი ნაწილი დასრულდა, გუნდები ზამთრის ბოლომდე შესვენებაზე გავიდნენ. რუბინი მხოლოდ მე-10 ადგილზეა. ყაზანური კლუბის რეგრესი აშკარაა.

ეროვნულ ნაკრებში 6 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, შედარებითვის გავიხსენოთ მისი თამაში ეროვნულ ნაკრებში. ის ერთნაირად ფანტასტიკური იყო, როგორც საგაზაფხულო მატჩებში (რომელიც წინა 2020/21 წლების საკლუბო სეზონს ემთხვევა), ისე - შემოდგომით. ხვიჩამ ნაკრებში გაზაფხულზეც და შემოდგომითაც 3-3 მატჩი გამართა და 2-2 ბურთი გაიტანა. ის მუნდიალის შესარჩევი ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდი არ არის და ჯგუფის ერთ-ერთი სუსტი ნაკრების წევრი იყო. ორი თამაში საკვალიფიკაციო ციკლში მან გამოტოვა - შინ კოსოვოსთან 0:1 წაგებული შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო და 0:4 ესპანეთთან ტრავმის გამო. ტურნირზე ორი ყველაზე სუსტი თამაში ვილი სანიოლის ნაკრების შესრულებით. ფაქტია, ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელიას ფორმა უარესობისკენ არ შეცვლილა და ის გუნდის აშკარა ლიდერია. 

წაიკითხე | 2018 წელს ჩაკვეტაძე, 2021-ში კვარაცხელია - ლიდერების როლი ნაკრებში

დავუბრუნდეთ კლუბს - დავიხმაროთ ანალიტიკური საიტის, WhoScored-ის მონაცემები, რომლის შეფასებები თავიდან ბოლომდე მრავალფეროვანი სტატისტიკური მონაცემებით დგინდება. 

2020/21 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ 4 გოლით და 4 საგოლე პასით (23 მატჩი) დაასრულა - მისი საშუალო შეფასება 7.25 რუსეთის პრემიერ-ლიგაში იყო მე-9. მიმდინარე სეზონში ხვიჩას მონაგარი ასეთია - 15 თამაში - 1 გოლი, 2 საგოლე პასი. საშუალო შეფასება - 7.01 და 31-ე შედეგი რუსულ პრემიერ-ლიგაში. რეგრესი არის, მაგრამ ის თავისუფლად შეიძლება კლუბის წარუმატებლობით აიხსნას. შეუძლებელია 20 წლის ფეხბურთელმა მუდმივად უზრუნველყოს კლუბის წარმატება, რაც უნდა ნიჭიერი იყოს ის. 

სტატისტიკა არ ტყუის მისი მიხედვით კი კვარაცხელიას უმნიშვნელო რეგრესი აქვს, ზოგიერთ კატეგორიაში. მაგალითად, თუ წინა სეზონში საუკეთესო დრიბლიორი იყო ჩემპიონატში და ცსკა-ს ეჯუკეს უსწრებდა. ამ სეზონში ნიგერიელმა გაუსწრო, მაგრამ ხვიჩა მაინც მეორეა. მეტიც, ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებლები, ქართველ ფეხბურთელს გაუუმჯობესდა კიდეც (ჩაწოდებები (გაორმაგდა), დაცვით ფუნქციებთან დაკავშირებული სტატისტიკა). 

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხვიჩას ამჟამინდელი თამაშის აშკარა რეგრესად შეფასება გადაჭარბებულია. ბევრი რამ კი წლევანდელ ჩემპიონატში მისი კლუბის წარუმატებელი ასპარეზობით და გულშემატკივრებში ხვიჩას ევროპული ტრანსფერის განუხორციელებლობით გამოწვეული იმედგაცრუებით აიხსნება. 

ხვიჩა კვარაცხელია. 2020/21 | 2021/22 | ეროვნული ნაკრები

თამაში: 23 | 15 | 6

გოლი: 4 | 1 | 4

საგოლე პასი: 4 | 2 | -

კარში დარტყმა: 2.2 | 2.2 | 1.2

პასები: 21.1 | 20.9 | 18.0

პასის სიზუსტე: 76.5% | 79.6% | 71.3%

მოგებული დუელები: 1.3 | 1.1 | 2.5

მოგებული საჰაერო დუელები: 0.3 | 0.6 | 0.5

ჩაჭრა: 0.7 | 0.9 | 0.5

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: 2 | - | 3

მნიშვნელოვანი პასი: 1.4 | 1.4 | 0.7

წარმატებული დრიბლინგი: 3.4 | 2.7 | 4.0

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1.9 | 1.7 | 1.0

წარმატებული ჩაწოდებები: 0.3 | 0.7 | 1.0

კომენტარები

ბოლო ამბები