Thumbnail

ძალოსნობა | პლესნოიმ B ჯგუფში ატაცი მოიგო, თუმცა, ტრავმაც მიიღო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ანტონ პლესნოი ოლიმპიადაზე ნაჩვენებ შედეგს 27 კგ-ით ჩამორჩა
  • ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4-დან 2 ცდა გამოიყენა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ანტონ პლესნოი გამოვიდა, რომელმაც ძალები 96 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში სცადა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის პლესნოიმ გასულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და წესით, ტურნირის ფავორიტთა შორის უნდა ყოფილიყო, თუმცა, მას მერე ტრავმა მიიღო და მსოფლიოს პირველობაზე მისთვის უჩვეულოდ მცირე წონებს შეეჭიდა.

ანტონმა პირველ მოძრაობაში სამიდან მხოლოდ 1 ცდა (170 კგ.) გამოოყენა, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ატაცში ჯგუფის პირველი შედეგი დაეფიქსირებინა. აკვრაში პლესნოი 190 კგ-ს გაუმკლავდა, თუმცა, როგორც სჩანს, ტრავმა გაიმიზეზა და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გარისკვა აღარ ისურვა.

ანტონ პლესნოი

ატაცი: 170 კგ. ❌, 170 კგ. ✅, 177 კგ. ❌

აკვრა: 190 კგ. ✅, ---, ---

შედეგად, ანტონს მომდევნო 2 ცდა აღარ გამოუყენებია და ჯამში 360 კგ-ს დასჯერდა, ეს კი, მხოლოდ მე-6 შედეგი აღმოჩნდა. ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 210 კგ. დასძლია და ჯამში 387 კგ. დააფიქსირა ანუ ამჯერად, ამ შედეგს ერთბაშად 27 კგ-ით ჩამორჩა.

პლესნოის სხვა ტიტულებიც გააჩნია. ის ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ამ ტურნირზე ბრინჯაოს მედალიც (2019 წელს, ბათუმში) აქვს აღებული. მან ასევე ბრინჯაო დაისაკუთრა 2019 წლის მსოფლიოს პირველობაზე.

შეგახსენებთ, რომ ქართულ დელეგაციას უზბეკეთში 2 მედალი აქვს მოგებული. ვერცხლს დაეუფლა შოთა მიშველიძე (61 კგ.), ხოლო რევაზ დავითაძემ (89 კგ.) ბრინჯაო დაისაკუთრა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 4 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: 15 დეკემბერს ფიცარნაგზე ზაზა ლომთაძე და ირაკლი ჩხეიძე (ორივე – 102 კგ.) გავლენ, ხოლო 17-ში – ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (ორივე +109 კგ.).

 

კომენტარები

ბოლო ამბები