Thumbnail

'წარმოიდგინეთ, 3:0-ს იგებდე და პენალტები დაგინიშნონ' - ლინეკერი ფორმულა 1-ზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი უკმაყოფილო დარჩა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოქმედებით, რომლის გადაწყვეტილებითაც აბუ დაბის სკანდალური რბოლის შედეგები ძალაში დარჩა და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა.

“წარმოიდგინეთ, რომ მანჩესტერ სიტი და ლივერპული ტიტულისთვის იბრძვიან. სეზონის ბოლო ტურში ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, სიტი 3:0-ს იგებს, მსაჯი კი ამბობს, რომ უფრო საინტერესო იქნება, თუკი ჩემპიონს პენალტების სერია გამოავლენს. ამასთან, სიტის ფეხბურთელებმა ფეხშიშველებმა უნდა დაარტყან. აი, ასეთი ფორმულა 1 გვქონდა”, - განაცხადა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ F1-ში გუშინ დასრულებული სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო რბოლის ბოლო წრეზე გაირკვა, როდესაც ფერსტაპენმა ბრიტანელი ლუის ჰემილტონის (მერსედესი) გადასწრება მოახერხა და საერთო ჩათვლაში მას 8 ქულით აჯობა.

მთავარი გაუგებრობა რბოლის ბოლოსკენ უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ რესტარტის დროს მოხდა. ლიდერთან 1 წრის ჩამორჩენის მქონე არცერთ ბოლიდს მანქანის გასწრების უფლება არ მისცეს, შემდეგ კი, მათ ამის საშუალება მაინც მიეცათ. არადა, თუ 1 წრით ჩამორჩენის მქონე ბოლიდს უსაფრთხოების მანქანის გასწრების საშუალება არ აქვს,  რესტარტი 1 წრის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში, ჰემილტონსა და ფერსტაპენს საფინიშო დროშები უნდა დაენახათ და გამარჯვებული ლუისი რჩებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები