Thumbnail

NBA | ლეიკერსთანაც არ იქნება? დონჩიჩი იძულებულია, დაისვენოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლუკა დონჩიჩს იძულებითი პაუზა აქვს. დალას მავერიკსის 22 წლის სუპერვარსკვლავს კოჭის ტრავმა გაუმიზეზდა და კლუბი იძულებულია, დაასვენოს.

სლოვენიელმა ოკლაჰომასთან მოგებული თამაშიც (103:84 სტუმრად) გამოტოვა და სამშაბათს გამთენიისას, შარლოტთანაც ვერ ითამაშებს. მიზეზი, როგორც ვთქვით, მარცხენა კოჭის ტრავმაა, რომელიც დონჩიჩს ნოემბრის შუა რიცხვებიდან აწუხებს.

“ლუკა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და შარლოტთანაც არ იქნება. ოთხშაბათს შევხედავთ, როგორ მდგომარეობაში იქნება და რას გვეტყვიან ექიმები,” - განაცხადა დალასის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა. ჯერჯერობით იმის თქმაც რთულია, შეძლებს თუ არა ლუკა ხუთშაბათს გამთენიისას, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ტოპ-მატჩში მონაწილეობას.

ლუკა დონჩიჩმა შეიძლება  ლეიკერსთანაც ვერ ითამაშოს

შეგახსენებთ, რომ დონჩიჩმა ტრავმა 15 ნოემბერს მიიღო და მერე სამი შეხვედრა გამოტოვა. მან ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ შეძლო, პარასკევს, ინდიანა პეისერსთან 93:106 წაგებულ შეხვედრაში კი კიდევ ერთხელ გაუმიზეზდა, თუმცა პარკეტზე დაბრუნება მოახერხა. “ალბათ მეოთხე პერიოდში აღარ უნდა მეთამაშა, - წუხდა სლოვენიელი მატჩის შემდეგ, - თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მინდოდა, რომ გუნდს დავხმარებოდი.”

ოკლაჰომასთან დონჩიჩმა ამ სეზონში უკვე მეხუთე შეხვედრა გამოტოვა. მიუხედავად მთავარი ლიდერის არყოფნისა, დალასმა თამაშის მოგება შეძლო და აღსანიშნავია, რომ ლუკას გარეშე ჩატარებული მატჩებიდან პირველი მოიგო (1-4). საერთო ჯამში, მავერიკსს ამ სეზონში 13 მოგება და 13 მარცხი აქვს. დონჩიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

დონჩიჩს ამ სეზონში სტატისტიკა გაუარესებული აქვს, რასაც ექსპერტები ტრავმასთან ერთად, მომატებული წონითაც ხსნიან. ლუკა საშუალოდ თამაშში 25,6 ქულას, 8,5 ასისტს და 8,0 მოხსნას აგროვებს, ამასთან საშუალოდ თამაშში ბურთს 4,6-ჯერ კარგავს და მისი სროლების მაჩვენებელი 44,7 პროცენტია (32,6 % სამქულიანებში). 

კომენტარები

ბოლო ამბები