Thumbnail
  • 'ამაზონმა' იუვენტუსის წინა სეზონზე სერიალი გადაიღო
  • მასში კარგად ჩანს მოთამაშეების ხასიათი და გავლენა კლუბში

ცოტა ხნის წინ, 'ამაზონმა' იუვენტუსის წინა სეზონის შესახებ გადაღებული მინი-სერიალი გამოაქვეყნა. ის 8 სერიისგან შედგება, თითოეული სერიის ხანგრძლივობა კი 35-40 წუთს შორის მერყეობს. სერიალი საშუალებას გვაძლევს, კლუბის მთელი სეზონი შიგნიდან დავინახოთ. გადამღებ ჯგუფს წვდომა ჰქონდა კლუბის ცხოვრების ყველა ასპექტზე ისეთი დეტალების ჩათვლით, როგორიცაა კლუბის ხელმძღვანელების ერთმანეთში გადალაპარაკება, როდესაც ისინი გუნდის ვარჯიშს უყურებენ.

გარდა ამისა, კარგად არის გახსნილი რამდენიმე მოთამაშის ხასიათი, ფსიქოლოგიური პორტრეტი და თითქმის ყველა სერიას აქვს ჩანართი გულშემატკივრის პერსპექტივიდან - ისე, რომ იუვენტუსის გარდა, მთელ ქალაქსაც ხედავთ და აღიქვამთ, გრძნობთ, რას ნიშნავს მაგალითად, ტურინული დერბი იტალიელი გულშემატკივრისთვის, ან ბუფონთან შეხვედრა ფანებისთვის. ჩემი სუბიექტური შეფასებით, ‘ამაზონის’ ეს პროდუქტი უკეთესია, ვიდრე ‘ნეტფლიქსის’ სერიალი, რომელიც მათ იუვენტუსზე რამდენიმე წლის წინ გადაიღეს.

სერიალი გუნდის ცხოვრებას კვირიდან კვირამდე მიჰყვება - ანუ, მომხდარი, გვიანდელი პერსპექტივიდან კი არ არის გაანალიზებული, არამედ გუნდის ცხოვრებას ფაქტობრივად ცოცხლად ხედავთ. უყურებთ, როგორ იცვლება განწყობები გუნდის შიგნით და როგორ რეაგირებს კლუბი წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.

სერიალში იუვენტუსის ვეტერანებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება

განსაკუთრებით დეტალურად შეგიძლიათ აღიქვათ ანდრეა პირლოს, როგორც მთავარი მწვრთნელის პერსონა. პირლო მუდამ ჩაფიქრებული, თავდაჯერებული და ელეგანტურია. კლუბის შიგნით ის არცთუ ისე ჩუმი ჩანს, როგორც გარედან. თუმცა, ნაკლებად აღიქმება, რომ ის გვარდიოლას ან კონტეს ტიპის ლიდერია, ანუ კაცი, რომელიც ენერგიას ასხივებს.

ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა აქვთ გუნდზე ვეტერანებს - ბუფონს, კიელინის და ბონუჩის. მაგალითად, ამ უკანასკნელს იოლად შეუძლია, სადილზე კიეზას არცთუ მორიდებულად შეაწყვეტინოს ლაპარაკი სიტყვებით, რომ ’არ არის საჭირო განუწყვეტლივ ლაპარაკი.’ როცა კიელინი კეთილი და გულღია ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ლეო უფრო მკაცრი, ხისტი და მოურიდებელია. მას გუნდის ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს.

სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს კრიშტიანო რონალდო. ის გუნდისგან თითქოს განცალკევებულად არსებობს. ყველა მის პროფესიონალიზმზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ის დანარჩენ მოთამაშეებთან არცთუ ისე ახლოსაა. კრიშტიანო თითქოს ცალკე სამყაროა, მუდამ ცოტა ფრთხილი ურთიერთობებში, ყურადღებიანი და კონცენტრირებული. თითქოს ვერასოდეს გაიგებ, გულის სიღრმეში რას ფიქრობს. ასევე ნაკლები როლი და გავლენა აქვს გუნდზე პაულო დიბალას, რომელიც ფილმში თითქმის არ ფიგურირებს, ფედერიკო კიეზა კი ძალიან ბავშვური და გულღიაა. მოედანზე კიეზა ბევრად უფრო მრისხანედ გამოიყურება.

ცალკე უნდა გამოიყოს ანდრეა ანიელი და კლუბის დანარჩენი ხელმძღვანელობა. ანიელი, ნედვედი და სხვები ფაქტობრივად კლუბთან ერთად ცხოვრობენ, ყველა ვარჯიშს და სიტუაციას ესწრებიან და მოთამაშეებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. ანიელი არ არის ფლორენტინო პერესის ტიპის პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზეა პასუხისმგებელი, ყოველდღიურ პროცესში კი არ ერევა. ასევეა პაველ ნედვედი და კლუბის მაშინდელი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი.

დანარჩენი თავად უნდა ნახოთ. ‘ამაზონი’ ფასიანი პლატფორმაა, თუმცა შეგიძლიათ, ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადით უფასოდ დარეგისტრირდეთ. ერთი კვირა მინისერიალისთვის სრულიად საკმარისია. გირჩევთ, ფილმი იტალიურად ნახოთ, ინგლისური სუბტიტრებით - მოთამაშეების ხმა, მეტყველების მანერა და ჟესტიკულავია მათზე ბევრ რამეს მოგიყვებათ.

კარგია, რომ ჩვენს ეპოქაში ამის საშუალება არსებობს - გულშემატკივარი საყვარელი კლუბი ცხოვრებას შიგნიდან ხედავს, თითქოს მისი თანამონაწილეა.

კომენტარები

ბოლო ამბები