Thumbnail

F1 | მერსედესის პროტესტი უარყოფილია! მაქსის ჩემპიონობას საფრთხე არ ემუქრება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

UPDATE: მერსედესმა აბუ დაბის გრან პრის შემაჯამებელი შედეგები 2 სხვადასხვა ნაწილში გაასაჩივრა, მაგრამ ორივე საჩივარი უარყოფილია. 

პირველი: 48.8 პუნქტის მიხედვით, მაქს ფერსტაპენმა უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ, ლუის ჰემილტონს სტარტამდე გაასწრო (დაახლოებით, ნახევარი მეტრით), თუმცა, ეს საჩივარი სტიუარტებმა არ დააკმაყოფილეს. 

მეორე საჩივარი კი უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ რესტარტის პროცედურების დარღვევას შეეხება. ლიდერთან 1 წრის ჩამორჩენის მქონე არცერთ ბოლიდს მანქანის გასწრების უფლება არ მისცეს, შემდეგ კი, მათ ამის საშუალება მაინც მიეცათ. ეს წინა საჩივარზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან თუ 1 წრით ჩამორჩენის მქონე ბოლიდს არ მიეცემა უფლება გაასწროს უსაფრთხოების მანქანას,  რესტარტი 1 წრის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში, ჰემილტონსა და ფერსტაპენს საფინიშო დროშები უნდა დაენახათ და გამარჯვებული ლუისი რჩებოდა. 

ფერსტაპენის საჩემპიონო გასწრება

სანამ უსაფრთხოების მანქანა ტრასაც დატოვებდა, 1 წრით ჩამორჩენის მქონე ბოლიდების პილოტებს შეატყობინეს, რომ ისინი ლიდერთან ერთად წრეზე უნდა დარჩენილიყვნენ. როცა უსაფრთხოების მანქანამ ტრასა დატოვა, ლიდერთან 1 წრის ჩამორჩენის მქონე პილოტების ნაწილს მისცეს პელეტონის გასწრების უფლება, არადა, როგორც წესი, მსგავს შეტყობინებას ყველა მრბოლელს უგზავნიან, ვინც ტრასაზე რჩება.

რეგლამენტში წერია, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, პელეტონის ლიდერთან 1 წრის ჩამორჩენის მქონე ყველა პილოტმა უნდა გაასწროს. ამ შემთხვევაში, რბოლის უსაფრთხოების მანქანასთან ერთად დასრულება იყო მოსალოდნელი. პირველი დირექტივის შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალეს და 1 წრით ჩამორჩენილთა ნაწილს პელეტონის გასწრების უფლება მისცეს. შედეგად, რედ ბულის პილოტი მაქს ფერსტაპენი მერსედენის მრბოლელ ლუის ჰემილტონს უკან ახალი, მსუბუქი ბორბლებით აღმოჩნდა და საჩემპიონო გასწრებაც შემოგვთავაზა. 

ამ საკითხის შესახებ კომენტარი მაკლარენის პილოტმა ლანდო ნორისმა გააკეთა:

“სიტუაციაში ბოლომდე ვერ გავერკვიე. ჯერ, ვინც 1 წრით მაინც ჩამოვრჩებოდით ლიდერს, გასწრების უფლება არ მოგვცეს. ალბათ, სწორედ ამიტომ, მერსედესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუისი პიტ-სტოპში არ შესულიყო და ბორბლები არ გამოეცვალა. შემდეგ კი ფია-მ დირექტივა შეცვალა და უცებ გასწრების უფლება მოგვცეს. არ მესმის რატომ მოხდა ასე”.

22 წლის მრბოლელი მომავალი წლიდან მერსედესში გადავა

გაკვირვებული დარჩა უილიამსის პილოტი ჯორჯ რასელიც:

“ეს მიუღებელია. მაქსი ფანტასტიკური პილოტია, რომელმაც საოცარი სეზონი ჩაატარა. მის უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ რაც რბოლისას ვიხილე, ეს სრულად მიუღებელია. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ რაც ვნახე, მართლა მოხდა" - დაწერა რასელმა ტვიტერში. 


სხვათა შორის, რბოლის მიმდინარეობისას სარჩელი რედ ბულმაც შეიტანა და პირველი წრეზე ტრასაზე მანძილის მოჭრის გამო, ჰემილტონის დასჯას ითხოვდა. თუმცა, აქედან არაფერი გამოვიდა, რადგან ამ მდგომარეობამდე ბრიტანელი ფერსტაპენმა მიიყვანა: რომ არა ლუისის ეს მანევრი, მაქსი მას დაეჯახებოდა…

ის რომ, ჰემილტონს არ გაუმართლა, ცალკე ისტორიაა. აუტსაიდერი ლატიფის ავარია რომ არა, ცხადია, ჩემპიონი ბრიტანელი გახდებოდა. მთავარი მოვლენები ამ ავარიის შემდეგ განვითარდა. ტრასაზე სიჩქარის დასარეგულირებლად უსაფრთხოების მანქანა შემოვიდა, ფერსტაპენს ბორბლები შეუცვალეს და უფრო მსუბუქი დაუყენეს, რათა შეტევის წარმატების დასრულების მეტი შანსი ჰქონოდა.

მერსედესმა კი ეს არ გააკეთა, რისი მიზეზიც პირველი დირექტივა იყო, რომლის მიხედვითაც 1 წრეზე მეტი ჩამორჩენის მქონე პილოტები უსაფრთხოების მანქანას ვერ გაუსწრებდნენ. ასეთ შემთხვევაში რბოლა უსაფრთხოების მანქანის თანხლებით დასრულდებოდა და მრბოლელები ავარიამდელ პოზიციებს შეინარჩუნებდნენ. გადაწყვეტილება შეიცვალა, მერსედესმა ჰემილტონისთვის ბორბლების შეცვლის მომენტი ხელიდან გაუშვა და ჩემპიონიც ფერსტაპენი გახდა. ახლა, გუნდი საჩივრის იმედადაა დარჩენილი…

P.S. აბუ დაბის რბოლის სტიუარდებმა მერსედესის სარჩელი არ დააკმაყოფილეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერსტაპენის ჩემპიონობას საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები