Thumbnail

პირველი ოქრო საქართველოს სახელით - ანასტასია გუბანოვას წარმატება ზაგრებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 წლის მოციგურავემ Golden Spin of Zagreb 2021-ში პირველობა არავის დაუთმო
  • ანასტასია გუბანოვას ზაგრების ტურნირის წინ კორონავირუსის გადატანა მოუხდა

მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის, ხორვატიაში გამართულ ჩელენჯერის  საერთაშორისო ტურნირში Golden spin of Zagreb 2021-ში ქალთა კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პირველი წარმატებაა 19 წლის სპორტსმენისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობს. 

ზაგრებში გამოსვლის შემდეგ ანასტასიამ კომენტარი გააკეთა. 

"საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ამის მიზეზი, ვფიქრობ, კორონავირუსის კვალია. არ გამიმართლა და ვირუსი შეჯიბრებამდე რამდენიმე კვირით ადრე შემხვდა და ამის გამო გრაცის ტურნირიდან ჩახსნაც მომიხდა. დაავადებას უკვალოდ არ ჩაუვლია და შესაბგამისად, ტურნირისთვის მომზადება ისეთი არ გამომივიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. დრო ცოტა მქონდა. ფორმა ჯერ კიდევ ვერ აღვიდგინე. კოვიდმა განსაკუთრებით ცუდად ფილტვებსა და სუნთქვაზე იმოქმედა. ამის გამო იყო, რომ პროგრამის მიწურულს ძალა აღარ მყოფნიდა. მაგრამ ეს დროის საკითხია და იმედია, ყველაფერი ნორმაში სწრაფად ჩადგება. 

ბუნებრივია, ძალიან მიხარია, რომ ოქროს მოპოვება მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ იდეალურად ვერ ვისრიალე. როგორც ჩანს, ზაგრები ჩემთვის ბედნიერი ქალაქია - სამი წლის წინ აქ მეორე ადგილი დავიკავე, ახლა კი უფროსებში საერთაშორისო ტურნირში პირველად ვიზეიმე წარმატება", - აქვეყნებს მოციგურავის სიტყვებს რუსული მედია.

ანასტასია გუბანოვამ ზაგრებში პირველი ადგილი ჯერ მოკლე პროგრამაში, 65,68 ქულით დაიკავა, შემდეგ კი მესამე შედეგი (118,61) აჩვენა თავისუფალ პროგრამაში და საბოლოოდ 184,29 ქულით პირველობა არავის დაუთმო. 

ხორვატიის დედაქალაქში საქართველოდან ასევე წარმატებით გამოვიდნენ ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი, რომლებმაც სპორტულ წყვილებში მეორე საპრიზო პოზიცია დაიკავეს. 

მათ გარდა, ზაგრებში იასპარეზეს მორის ყვითელაშვილმა, ნიკა ეგაძემ (კაცები), მარია კაზაკოვა-გიორგი რევიამ (სპორტული ცეკვები) და კარინა საფინა-ლუკა ბერულავამ  (სპორტული წვილები).

კომენტარები

ბოლო ამბები