Thumbnail

კორუფცია და დოპინგი - ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიადის წინასწარი სიიდან ამოიღეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ძალოსნობა, კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს, რომელიც დამდეგი წლის თებერვალში IOC-ს წევრებს დასამტკიცებლად გადაეცემათ. Apnews-ის ცნობით, სამივე სახეობას დაახლოებით 18-თვიანი ვადა მიეცათ, რომ ლოს ანჯელესესის თამაშებში ოლიმპიური სახეობის სტატუსი შეინარჩუნონ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა კრივისა და ძალოსნობის მმართველ ორგანოებს "პრობლემური ბავშვები" უწოდა. IOC დიდი ხანია შეშფოთებულია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ხელმძღვანელობის მუშაობით, სადაც კორუფცია და დოპინგთან დაკავშირებული სკანდალები ხშირი მოვლენებია.

ბახმა ისიც აღნიშნა, რომ კრივის, ძალოსნობისა და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციებს კვლავ აქვთ შანსი, რომ ოლიმპიური სტატუსი შეინარჩუნონ და ლოს ანჯელესში სპორტის ეს სახეობები გულშემატკივარმა იხილოს, თუ ხსენებული ფედერაციები 2023 წლისთვის რიგ რეფორმებს განახორციელებენ. რაც შეეხება კონკრეტულად ძალოსნობას, ბახი მოითხოვს, რომ IWF-მ ანტიდოპინგური პროგრამა წარმოადგინოს.

"ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ და მისმა მომავალმა ხელმძღვანელობასნ უნდა აჩვენოს კულტურის ცვლილებისკენ სწრაფვა. გარდა ამისა, ისინი დოპინგის ისტორიულ შემთხვევებს წარმატებით უნდა გაუმკლავდნენ და უზრუნველყონ ანტიდოპინგური პროგრამის მთლიანობა და სრული დამოუკიდებლობა", - აღნიშნა ბახმა.

ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ საქართველოს ორი ოლიმპიური ოქრო უკვე მოუტანა

ჯერჯერობით, 2028 წლის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ სტატუსს ინარჩუნებს ფეხბურთი, თუმცა ბახმა ამ საკითხზეც ისაუბრა და თუ ფიფა უახლოეს მომავალში მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ შესაძლოა, ფეხბურთი ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღონ, ვინაიდან ოლიმპიადის და მუნდიალის ჩატარების წლები თანხვედრაში იქნებიან.

ამავდროულად, სკეიტბორდინგი, სერფინგი და სპორტული ცოცვა ლოს ანჯელესის ოლიმპიადის წინასწარ სიაშია და IOC-ს დასამტკიცებლად წარუდგენენ. სამივე სახეობა ოლიმპიადის პროგრამაში ტოკიოშიც იყო შეყვანილი და როგორც ჩანს, მათ ნდობას მომავალშიც გამოუცხადებენ, რადგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყველანაირად ცდილობს ახალგაზრდული აუდიტორიის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ ძალოსნობაში საქართველოს დელეგეციამ ტოკიოს ოლიმპიადაზე 2 მედალი მოიპოვა - ლაშა ტალახაძემ ოქრო და ანტონ პლესნოიმ ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები