Thumbnail

ნაპოლიმ მოიგო და არ გაუმართლა, სოსიედადი ჯგუფიდან გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპალიგაზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და მერვედფინალისტები გაირკვა
  • მეორე ადგილზე გასული კლუბები ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულ გუნდებს შეხვდებიან

ევროპალიგაზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა. ნაპოლიმ დრამატულ ბრძოლაში ლესტერს 3:2 მოუგო, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი მოსკოვის სპარტაკმა დაიკავა, რომელმაც ლეგიას 1:0 სძლია. სპარტაკმა და ნაპოლიმ 10-10 ქულა დააგროვეს, თუმცა მოსკოველებმა ნაპოლის ორივე მატჩი მოუგეს და პირდაპირ მერვედფინალში გავიდნენ.

იტალიელებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსიც ჰქონდათ, თუმცა ლეგიამ სპარტაკს 97-ე წუთზე პენალტი ვერ გაუტანა და ნაპოლიც მეორე ადგილზე დარჩა.


ოთარ კიტეიშვილს შტურმმა მონაკოსთან ფრედ 1:1 ითამაშა, მაგრამ ფრანგები ჯგუფში მაინც პირველ ადგილზე გავიდნენ. ამავე ჯგუფში პსვ ეინდჰოვენმა სტუმრად სოსიედადთან 0:3 წააგო და კონფერენსლიგაზე გადაინაცვლა. სოსიედადს მიკელ ოიარსაბალმა მოაგებინა. ბასკების კაპიტანმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ნორვეგიელმა ალექსანდერ სორლოტმა გაიტანა.

ევროპალიგაზე მერვედფინალის საგზური პირველ ადგილზე გასულმა გუნდებმა მოიპოვეს. მეორე ადგილზე გასული კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილზე გასულ კლუბებს შეხვდებიან, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა კონფერენსლიგაზე გადაინაცვლეს.

ევროპალიგის 1/8 ფინალისტები: ლიონი, მონაკო, სპარტაკი, აინტრახტი, გალათასარაი, ცრვენა ზვეზდა, ლევერკუზენი, ვესტ ჰემი

ევროპალიგის 1/16 ფინალისტები: დინამო ზაგრები, ბეტისი, ბრაგა, ლაციო, ოლიმპიაკოსი, ნაპოლი, სოსიედადი, რეინჯერსი, ლაიპციგი, პორტო, დორტმუნდი, შერიფი, ბარსელონა, ატალანტა, სევილია, ზენიტი

კონფერენსლიგაზე გადავიდნენ: სპარტა, პსვ, ლესტერი, ფენერბაჰჩე, მარსელი, მიდტიულანდი, სელტიკი, ვენის რაპიდი.

ევროპალიგის წილისყრა ორშაბათს გაიმართება. 1/8 ფინალისტი გუნდები 1/16 ფინალში გამარჯვებულ რვა კლუბს დაელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან ბარსელონამ, დორტმუნდმა და ევროპალიგის 5-გზის გამარჯვებულმა სევილიამ გადმოინაცვლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები