Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა პორტლენდი 111:104 დაამარცხა
  • ზაზა ფაჩულიამ და სტეფ კარიმ ტრავმების გამო ვერ ითამაშეს
  • დამიან ლილარდის 39 ქულა
  • დურანტს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ისევ ვერ ითამაშა. NBA-ის ჩემპიონის ქართველი ცენტრი ტრავმირებულია. ფაჩულიას გარდა, უორიორზს ტრავმის გამო ვერც სუპერვარსკვლავი სტეფ კარი ეხმარება. მიუხედავად ამისა, გოლდენ სტეიტმა პორტლენდ ტრეილბლეიზერსი მაინც დაამარცხა - 111:104.

ბრწყინვალე ლილარდი

პორტლენდმა ჩემპიონს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, რაც დამიან ლილარდის დამსახურებაა, რომელმაც 39 ქულა დააგროვა და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. ლილარდის ანგარიშზე ასევე 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაა. გოლდენ სტეიტიდან 30-ქულიანი ბარიერი ვერცერთმა კალათბურთელმა ვერ გადალახა.

საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა მიითვალა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 24 ქულაა. 29 წლის დურანტმა თავის სტატისტიკას 9 მოხსნა და 5 პასიც მიამატა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.

გოლდენ სტეიტი ჰიუსტონს მისდევს

ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში ჰიუსტონს კვლავ კვალში უდგას. მართალია, ფაჩულიას გუნდს ერთით მეტი მატჩი აქვს მოგებული (22-6), ვიდრე ტექსასელებს (21-4), მაგრამ გოლდენ სტეიტს 6 მარცხი აქვს, ჰიუსტონს კი - 4. პორტლენდისთვის ეს მე-13 წაგება იყო...

გოლდენ სტეიტის გამარჯვებამდე, ჩიკაგომ სენსაცია მოახდინა - ბულსმა ბოსტონი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები