- ვლადიმირ ვაისმა დანიასა და საქართველოს შორის 2019 წლის მატჩი გაიხსენა
- სლოვაკი სპეციალისტი და ჯაბა კანკავა 'პარკენის' სტადიონზე დაბრუნდნენ
- 'საუკეთესო პროფესიონალია ვისთანაც მიმუშავია' - ვაისმა ქართველებზე ისაუბრა
უეფას კონფერენსლიგის ბოლო ტურში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას სლოვანს გადამწყვეტი მატჩი დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენთან სტუმრად ელოდება. დანიური გუნდი ჯგუფიდან უკვე გასულია, სლოვაკებს კი პრაქტიკულად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, რადგან მათი კონკურენტი პაოკ-ი შინ ჯგუფის აუტსაიდერ ლინკოლნს ეთამაშება და 3 ქულის მოპოვება ალბათ არ გაუჭირდება.
კოპენჰაგენში, "პარკენის" სტადიონზე დაახლოებით 15 000 ათასს გულშემატკივარს ელოდებიან, რადგან კოვიდ-შეზღუდვები დანიაშიც დაბრუნდა. ვაისი ამ არენას კარგად იცნობს - 2 წლის წინ იქ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში იმყოფებოდა და ამ თამაშის გახსენება მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოუწია.
"პარკენის ატმოსფეროს ვიცნობ, მაშინ დანიასთან 1:5 წავაგეთ, მაგრამ ეს წარსულია. სადღაც, ჩემს მეხსიერებაში ისევ არის ეს მატჩი და მთელი ცხოვრება დარჩება, მაგრამ სანამ ანგარიში 1:1 იყო, კარგად ვითამაშეთ, მერე კი ჩვენი კარის მიმართულებით მოგონილი პენალტი დანიშნეს და წავაგეთ. ყველა მატჩი განსხვავებულია, დღეს აქ საკლუბო დონეზე ვარ, სხვა ფეხბურთელებით. მაშინ საქართველოს ნაკრებს სრული შემადგენლობით არც უთამაშია, ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა", - თქვა 2019 წლის 10 ივნისს გამართული მატჩის შესახებ ვაისმა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სლოვანში არსებული სიტუაციისა და მომავალი თამაშის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ბრატისლაველებს ვერ დაეხმარება გურამ კაშია, რომელსაც კორონავირუსი აქვს.
"გურამ კაშია, იორი დე კამპსი და ლუკაშ პაუშჩეკი ვერ ითამაშებენ. მჯერა, რომ გულშემატკივარი ფეხბურთელებს დიდ ენერგიას გადასცემს, პირველ რიგში მასპინძლებს, მაგრამ ჩვენც. ჩვენი ფეხბურთელები ცოტა მეტი ზეწოლის ქვეშ უკეთ თამაშობენ, უკეთესი მეტოქის წინააღმდეგ, ვიდრე შიდა ჩემპიონატში, ყველა სლოვაკური გუნდის პატივისცემის მიუხედავად. ტემპი უფრო მაღალია და მოთამაშეები თამაშში მეტ ემოციას დებენ. მჯერა, რომ თუ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშებთ, მაშინ მოგების შანსი გვექნება", - თქვა სლოვაკმა მატჩის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ბრატისლავის სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 44 ქულით ლიდერია და ტრნავას სპარტაკს 8 ქულით უსწრებს, ხოლო კონფერენსლიგაზე ბოლო ტურის წინ 8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს პაოკ-თან ერთად იყოფს. ბოლო ტურში სლოვაკები დანიაში კოპენჰაგენს ესტუმრებიან, პაოკ-ი კი გიბრალტარის ლინკოლნს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.
კაშია და კანკავა სლოვანში გასულ ზაფხულს სწორედ ვაისის ინიციატივით გადავიდნენ. მიმდინარე სეზონში გურამმა სლოვაკურ გუნდში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჯაბამ 27 თამაშში 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
კომენტარები