Thumbnail

'ის, რაც ვერ შევძელით 2008-ში, შევძლებთ ხვალ' - ქეცბაია კონფერენსლიგაში შანსზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანორთოსისი კონფერენსლიგის ჯგუფში ბოლო მატჩს პარტიზანთან გამართავს
  • კვიპროსულ გუნდს პლეი ოფში გასასვლელად ხელს მხოლოდ მოგება აძლევს
  • ქართველ სპეციალისტს ბელგრადში 3 ქულის მოპოვების იმედი აქვს 

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ანორთოსისი კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 9 დეკემბერს, სტუმრად ბელგრადში, პარტიზანთან გამართავს. კვიპროსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თამაშის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოგებისთვის იბრძოლებს და შეეცდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გამოიყენოს. 

ბოლო ტურის წინ ანორთოსისს 5 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ბურთების უკეთესი შეფარდებით მესამე ტალინის ფლორაა (5). პლეი ოფში გასვლა ჯგუფში განაღდებული მხოლოდ გენტს (10 ქულა) აქვს, მეორე ადგილზე კი პარტიზანია (7). პარალელურ მატჩში გენტი შინ ფლორას იღებს და თუკი ესტონელები ვერ მოიგებენ, ქეცბაიას გუნდს შანსი აქვს, პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდეს. ამისთვის კვიპროსელებმა ბელგრადში აუცილებლად 3 ქულა უნდა მოიპოვონ.

ბელგრადის სტადიონზე მოგება ანორთოსისზე ძლიერ კლუბებს უჭირთ

"ის, რომ ჯგუფში ბოლო მატჩის წინ გასვლის შანსს ვინარჩუნებთ, ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა. კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც შინ გვაჯობა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვიცით, როგორ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. 

პაეეკ-თან წაგების შემდეგ, კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რაღაც შევცვალოთ. ეს მოტივაციაა მოთამაშეებისთვის, რომლებისგანაც ველოდებით ჟინის ჩვენებას. აღარ ვდარდობთ იმაზე, რა მოხდა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონატში. ეს უკან მოვიტოვეთ და ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე. იმედი გვაქვს, რომ შედეგს დავდებთ და მთელი კვიპროსი იამაყებს ჩვენით. შანსის გამოყენებას ბოლომდე შევეცდებით და თავს არ დავზოგავთ. ვიცით პარტიზანის ძლიერი და სუსტი მხარეები.

2008 წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო. დღეს პრობლემები გვაქვს ლიგაში, მაგრამ მათი შეცვლა არ შეგვიძლია. ევროპულ სარბიელსა და ჩემპიონატში ერთდროულად გამოსვლა იოლი არაა. ის, რაც ვერ შევძელით 2008 წელს, შევძლებთ ხვალ!".

ქეცბაიას გუნდს კონფერენსლიგის 1/8-ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ფამაგუსტას ანორთოსისს 2007-09 წლებშიც წვრთნიდა. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდი, დაახლოებით მსგავს სიტუაციაში, 2008/09 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ბოლო ტურის წინაც აღმოჩნდა, მაგრამ სტუმრად პანათინაიკოსთან დამარცხდა (0:1) და შანსი ხელიდან გაუშვა. 

ცნობისთვის, კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას პარტიზანსა და ანორთოსისს შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა, გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით განსჯის.

კომენტარები

ბოლო ამბები