Thumbnail

მსოფლიო რაგბის ლეგენდებთან - გორგოძე RugbyPass-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

RugbyPass-მა რაგბის დიდების დარბაზში მამუკა გორგოძე შეიყვანა. გამოცემა ეტაპობრივად, პოზიციების მიხედვით ასახელებს დიდების დარბაზის წევრებს - 8 დეკემბერს რაგბის ისტორიაში საუკეთესო 8 ნომრების ჯერი დადგა.

RugbyPass-მა მრავალი კანდიდატიდან საბოლოოდ 12 საუკეთესო 8 ნომერი შეარჩია. სიაში არიან მსოფლიო რაგბის ნამდვილი ლეგენდები: კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო'ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი, პიერ სპისი და მამუკა გორგოძე.

წაიკითხე | რაგბის ქართველი ლეგენდა - როგორ თამაშობდა მამუკა გორგოძე

გულშემატკივრებს შეუძლიათ მამუკა გორგოძისთვის ხმის მიცემა, რომ ის RugbyPass-ის ფანების მიერ შესადგენ პირველ XV-ში მოხვდეს. ამისთვის საჭიროა RugbyPass-ის საიტზე დარეგისტრირება. ხმის მიცემა დღეს დაიწყო, ჯერჯერობით აფრიკელი ვერმიულენი ლიდერობს, რომელიც ორ ზელანდიელს, ბრუკსა და რიდს უსწრებს. მამუკა ჯერ მე-7 ადგილზეა. 9 დეკემბერს გამოცემა 12 9 ნომერს შეიყვანს დიდების დარბაზში.  

მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში 16 წლის განმავლობაში 75 კეპი მოაგროვა და 27 ლელო გაიტანა. ის ნაკრებიდან 2017 წელს წავიდა, თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე დაბრუნდა და იაპონიაში "ბორჯღალოსნების" რიგებში ითამაშა. 2020 წელს, როცა პანდემიამ სარაგბო სეზონი შეაჩერა, მამუკამ საკლუბო კარიერაც დაასრულა. კარიერის განმავლობაში მას ლელოში, მონპელიეში და ტულონში უთამაშია.  

კომენტარები

ბოლო ამბები