Thumbnail

'თბილისში, ოღონდ მაყურებლის გარეშე' - შავი ლომის შეთანხმება ჰითთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაგბი ევროპის სუპერთასის კალენდარში ისევ ცვლილებებია
  • არსებობს შანსი, ქართულმა ფრენჩაიზმა თელ ავიველებს მეორედ უმასპინძლოს

პირველ ქართული ფრენჩაიზი შავ ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით 11 დეკემბერს კრასნოიარსკის ენისეის უმასპინძლებს, 18-ში კი, ისრაელში თელ ავივ ჰითის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა, დიდი შანსია, ეს შეხვედრაც თბილისში გაიმართოს (მიზეზი ისრაელში არსებული კოვიდ-რეგულაციებია). ამის შესახებ განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ გააკეთა:

“თეორიულად შესაძლებელია, რომ 18 დეკემბრამდე ისრაელში შეზღუდვები დასრულდეს და თელ ავივ ჰითთან თამაშიც ჯერჯერობით, ისრაელშია დაგეგმილი. შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილი გვაქვს და ხვალ ან ზეგ მივიღებთ პასუხს, გვიშვებენ თუ არა ისრაელში. თუ გამგზავრება ვერ მოხერხდა, ალტერნატივის სახით, ჰითთან გვაქვს შეთანხმება, რომ 18 ან 19 დეკემბერს თბილისში ვითამაშებთ, ოღნდ ეს თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რათა გამოირიცხოს გულშემატკივრის ფაქტორი და ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყოს“.

შეგახსენებთ, რომ შავმა ლომმა და თელ ავივ ჰითმა პირველ წრეში ავჭალის სარაგბო სტადიონზე უკვე ითამაშეს და ის თამაში ქართულმა ფრენჩაიზმა 33:10 მოიგო. სხვათა შორის, გადაწყდა ისიც, თელ ავიველები სწორედ საქართველოში ჩაატარებენ რუსულ კლუბებთან მატჩებს. ჰითი 10 დეკემბერს პენზის ლოკომოტივს რუსთავის სტადიონზე ეთამაშება, ხოლო ენისეისთან შეხვედრა 15-ში ავჭალაში დაინიშნა.

16 ოქტომბერს გამართულ მატჩში ქართულმა ფრენჩაიზმა თელ ავიველებს 33:10 სძლია

“ისრაელში დაწესებული შეზღუდვების გამო, ამ ორი მატჩის ჩატარებას საფრთხე დაემუქრა. ტურნირის დროში გაწელვა ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან შავ ლომთან დაკავშირებით სხვა გეგმებიც გვაქვს. ჩვენ, როგორც რაგბი ევროპის წამყვანმა ქვეყანამ, ებრაელ მეგობრებს შევთავაზეთ, რომ საშინაო თამაშები საქართველოში ჩაეტარებინათ და მათ ორგანიზებას ჩვენ გავუკეთებდით. ამაზე სიხარულით დაგვთანხმდნენ როგორც თელ ავივი, ასევე – ლოკომოტივი და ენისეი. თავის მხრივ, რაგბი ევროპამ არაერთხელ გამოხატა მადლიერება იმის გამო, რომ ჩვენი დახმარებით, ტურნირის გაგრძელებას საფრთხე არ შეექმნა“ – აღნიშნა ხურციძემ.

თუკი აღნიშნულ განრიგში კიდევ არაფერი აირია, რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთადერთი მატჩი დარჩება ჩასატარებელი: ენისეი – შავი ლომი. ეს თამაში ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს რუსეთში უნდა გამართულიყო, თუმცა, ქართულმა ფრენჩაიზმა იქ ჩასვლა კოვიდ-რეგულაციების გამო ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციას 11-11 ქულით სწორედ ენისეი და შავი ლომი ლიდერობენ, თელ ავივ ჰითს 8 ქულა აქვს, ლოკომოტივ პენზას კი – 5. ამასთან, პირველ სამ გუნდს მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, პენზელებს კი – 5. დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ბოლო ტურია დარჩენილი და უკვე ცნობილია, რომ პირველ პოზიციას პორტუგალიური ლუზიტანოს XV (24 ქულა) დაიკავებს, ნახევარფინალის მე-2 საგზური კი ესპანურ იბერიანსს (15) ერგება.

კომენტარები

ბოლო ამბები