Thumbnail

ფორმულა 1 | სპეციალურად დაეჯახება? ჰემილტონს ფერსტაპენის არ ეშინია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კითხვაზე, ეშინია თუ არა იმის, რომ მაქს ფერსტაპენი სეზონის ბოლო რბოლაში განგებ დაეჯახება და ორივე მრბოლელის გამოვარდნით ჩემპიონობას გაინაღდებს, ლუის ჰემილტონმა ასე უპასუხა: “არა! არ მეშინია იმის, რაც შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. ასეთი ფიქრებისთვის ჩემს თავში ადგილი არ არის.”

როგორც იცით, ჰემილტონი (მერსედესი) და ფერსტაპენი (რედ ბული) ბოლო, გადამწყვეტ რბოლას თანაბარი ქულებით ხვდებიან. თუკი რბოლას ორივე მათგანი გამოეთიშება ჩემპიონობას ფერსტაპენი იზეიმებს, რადგან ამ სეზონში უფრო მეტი გრანპრი აქვს მოგებული (ფერსტაპენი 9:8 ჰემილტონი).

“ცხადია, არსებობს სიტუაციები, როცა იცი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ბედი შეიძლება ერთმა მოსახვევმა გადაწყვიტოს. ასეთ დროს სრულ რისკზე მიდიხარ, რათა უფრო სწრაფი იყო და ფინიშზე პირველი მიხვიდე. მე ტიტულის მოგება მინდა, მაგრამ სწორი გზით და არა ბინძურით ქცევით.” - დასძინა ჰემილტონმა.

აღსანიშნავია, რომ ფერსტაპენს და ჰემილტონს წელს არაერთი შეჯახება ჰქონდათ - ბოლოს საუდის არაბეთის გრანპრიზე.

მერსედესის რეკორდსმენმა პილოტმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა საერთო აქვთ მას და ფერსტაპენს. ჰემილტონი: “ზუსტად არ ვიცი, რას აკეთებს ხოლმე სარბოლო ტრასის მიღმა, მაგრამ არა მგონია, რომ მაქსს და მე ბევრი საერთო გვქონდეს. ცხადია, ავტოსპორტის და რბოლების სიყვარული ნამდვილად გვაერთიანებს.”

36 წლის ჰემილტონმა ისიც თქვა, რომ მართალია, ჯერ კიდევ გრძნობს უდიდეს მოტივაციას და ავტოსპორტისადმი სიყვარულს, მაგრამ არ ფიქრობს იმაზე, რომ ზედმეტად ხანგრძლივი კარიერა ჰქონდეს - მაგალითად ისეთი, როგორიც NFL-ის სუპერვარსკვლავ ტომ ბრეიდის აქვს, რომელიც უკვე 44 წლისაა. ლუისს მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ მერვედ გაჩემპიონების შემთხვევაში კარიერას არ დაასრულებს.

“კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით ზუსტი გეგმა არ მაქვს, მაგრამ აქტიურ სპორტში ტომ ბრეიდივით დიდხანს არ ვიქნები. უკვე მიხარია ის პერიოდი, როდესაც ფორმულა 1-დან წავალ და ჩემს სხვა პროექტებს მეტ დროს დავუთმობ.” - აღნიშნა ჰემილტონმა.

კომენტარები

ბოლო ამბები