Thumbnail
  • საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
  • 35 წლის ვიქტორ სანიკიძეს არჩევნებში კონკურენტი აღარ ჰყავს

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფედერაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა პაატა გურასპაულმა მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და შესაბამისად, კანდიდატურაც მოხსნა. გურასპაულმა განცხადება ვოქტორ სანიკიძესთან ერთად გააკეთა, რომელიც მომავალ არჩევნებში ერთადერთ კანდიდატურად დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ არჩევნებში ჩართვის სურვილი პირველმა სწორედ სანიკიძემ გამოთქვა, მალევე კი კანდიდატურა გურასპაულმაც დააყენა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა. სანიკიძე უალტერნატივო კანდიდატურად დარჩა და ცხადია, რომ მის დამტკიცებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

“კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. საერთო მიზანია, რომ სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ეს გვამოძრავებს მე და სანიკიძეს. დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ არჩევნებში ერთი გუნდითა და ერთი კანდიდატით წარვსდგებით და ეს კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება. ჩემთვის რომელიმე თანამდებობაზე მუშაობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. ამაში ის უპრეცენდენტო მხარდაჭერაც უნდა დაგვეხმაროს, რომელიც სახელმწიფოსგან გვაქვს”, - აღნიშნა გურასპულმა და დაამატა, რომ მისი გადაწყვეტილება არც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას უკავშირდება და არც – ფიბას- ხელმძღვანელების ვიზიტს, რომელთაც მომავალი ევრობასკეტის მშენებარე დარბაზთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდათ.

პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2017 წლის 11 დეკემბერს აირჩიეს

კომენტარი გააკეთა ვიქტორ სანიკიძემაც, რომელმაც ქართულ კალათბურთში ყოველგვარი დაპირისპირება გამორიცხა და აქცენტი იმ 100 მილიონ ლარზე გააკეთა, რომლის ინვესტირებასაც საქართველოს მთავრობა კალათბურთში გეგმავს: “მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ქართული კალათბურთი დღევანდლამდე მოიყვანა. ეს პროცესი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არანაირი უთანხმოება არ მოხდება. მადლობა პაატას, რომელთამ ერთადაც ქართული კალათბურთის მომავლისთვის ყველაფერზე შევთანხმდით. დღევანდელი შეხვედრა იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ”.

პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2017 წლის 11 დეკემბერს აირჩიეს და მაშინ, თავის მხრივ, ის იყო ერთადერთი კანდიდატი, რადგანაც პროცესში მონაწილეობაზე უარი შიო ხეცურიანმა განაცხადა. გამოდის, რომ გურასპაული აღნიშნულ პოსტზე მუშაობას ზუსტად 4 წელში დაასრულებს, რადგანაც მომავალი არჩევნები ასევე 11 დეკემბერსაა დაგეგმილი.  

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ყოფილ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს, ის ბოლო პერიოდია პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული. 35 წლის სანიკიძე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები