Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები პოლონეთი და საბერძნეთიც იქნებიან
  • წლის პირველი ტურნირის ჩემპიონის ვინაობა სიდნეიში 9 იანვარს გაირკვევა

მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილ ATP Cup-ზე მატჩების განრიგი დადგინდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტურნირს 1 იანვარს არგენტინასთან თამაშით გახსნის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ATP Cup-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილის წყალობით მოხვდა (მე-14 ნომრად), რომელსაც რეიტინგში 22-ე ადგილი უკავია. მის გარდა, გუნდის ღირსებას ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და საბა ფურცელაძე დაიცავენ. არგენტინის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება: დიეგო შვარცმანი, ფედერიკო დელბონისი, ფედერიკო კორია, მაქსიმო გონსალესი, ანდრეს მოლტენი.

კალენდრის თანახმად, საქართველო 3 იანვარს პოლონეთს (ჰუბერტ ჰურკაჩი, კამილ მაირჩაკი, კასპერ ჟუკი, იან ზიელინსკი, შიმონ ვალკოვი) ეთამაშება, ხოლო 5-ში – საბერძნეთს (სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი, პეტროს ციციპასი, მარკოს კალოველონისი, არისტოტელის ტანოსი). ცნობილია ისიც, რომ ქართველი ჩოგბურთელები არგენტინასა და საბერძნეთს სიდნეიში Ken Rosewall Arena-ზე დაუპირისპირდებიან, ხოლო პოლონეთს – Sydney Super Dome-ზე.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 16 ნაკრები ჩაებმება, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ, სადაც შემდეგნაირად დაწყვილდებიან: A-D, B-C. ნახევარფინალები 7-8 იანვარსაა დაგეგმილი, ჩემპიონის ვინაობას კი 9-ში შევიტყობთ.

ATP Cup პირველად 2020 წელს გაიმართა (24 ნაკრების მონაწილეობით) და საქართველო მასშიც იყო ჩართული, ცხადია, მაშინაც ნიკოლოზ ბასილაშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით. საქართველოს ნაკრები ავსტრალიაში მე-13 განთესვით ჩავიდა, ბასილაშვილის თანაგუნდელები კი იმ ჯერზე მეტრეველი, ბაკში, ტყემალაძე და გიორგი ცივაძე იყვნენ. ამ გუნდმა, რომლის კაპიტანიც დავით კვერნაძე გახლდათ, ჯგუფში ესპანეთთანა (0:3) და იაპონიასთან (1:2) წააგო, ურუგვაის კი 2:1 სძლია და მე-3 ადგილი დაიკავა.

ATP Cup-ის პირველი გამარჯვებული სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთი დაამარცხა. 2021 წლის დასაწყისში კოვიდ-პანდემიის გამო შეჯიბრში მხოლოდ 12 საუკეთესო ნაკრები ჩაერთო და გამარჯვება რუსებმა იზეიმეს. მათ გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიას აჯობეს.

კომენტარები

ბოლო ამბები