Thumbnail

ფუტსალი | ნახევარფინალური სერიები გრძელდება, ანგარიში ორივე წყვილში გათანაბრდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კოლხი 2:0 აგორა (სერიაში 1:1)
  • ტატიშვილი 1:0 თელასი (სერიაში 1:1)
  • გადამწყვეტი მატჩები 6 ივნისს გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ნახევარფინალური ეტაპი მიმდინარეობს, სერია ორ მოგებამდე გრძელდება. ორივე დუელში ანგარიში თანაბარია, 1:1. პირველ ორ მატჩში 10 გოლი გავიდა, გუშინდელი სათამაშო დღე ნაკლებად შედეგიანი გამოდგა.

კოლხი 2:0 აგორა

პირველ შეხვედრაში აგორამ მეტოქეს 3:2 სძლია მეტოქეს და დაწინაურდა, მეორე გამარჯვება გუნდს ფინალური მატჩის საგზურს მოუტანდა, თუმცა თამაში სხვა სცენარით წარიმართა.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, კოლხი-გულრიფშმა მეტი ყურადღება დაუთმო საკუთარი კარის უსაფრთხობას და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. გუნდმა მშრალად შეინახა საკუთარი კარი, მეტოქეს კი ორი გოლი გაუტანა.

მატჩის მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ამირან ცხომარიამ უძლიერესი და უზუსტესი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. დარჩენილ დროში აგორამ სცადა მატჩის გადარჩენა, მომენტებიც ჰქონდა, თუმცა მეორე გოლიც კოლხმა შეაგდო - შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ცოტა მეტი რჩებოდა, როდესაც თავი ილია რეხვიაშვილმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.

ამირან ცხომარია ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ილია რეხვიაშვილი (კოლხის ფეხბურთელი)
“პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ, მეორე მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. წინა მატჩის შეცდომები განვიხილეთ, გავაანალიზეთ და გამოვასწორეთ, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა. ყველაფერი წინ არის, რადგან გადამწყვეტი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და ურთულესი მატჩი გველოდება.”

დავით ბობოხიძე (აგორას ფეხბურთელი)
“ერთი კონკრეტული მიზეზი ჩვენ მარცხს არ აქვს. ეს იყო პირველი თამაში, რომელშიც გოლი ვერ გავიტანეთ. მომენტების გამოუყენებლობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. წინ გადამწყვეტი მატჩია და შეტევითი პოტენციალი უნდა გავაძლიეროთ. მეტოქეს დაუფასდა შრომა, ჩვენი მიზანი კი ფინალში გასვლაა.”

ტატიშვილი 1:0 თელასი

პირველ შეხვედრაში თელასმა 5:0 მოუგო ტატიშვილს და დაწინაურდა სერიაში, მეორე მატჩის შემდეგ ანგარიში თანაბარი გახდა - ტატიშვილმა დამატებით დროში, 1:0 სძლია მეტოქეს.

ეს იყო დაძაბული და დრამატული შეხვედრა, რომელიც 2 საათის და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა! ფეხბურთელები მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის ბოლომდე იბრძოდნენ, რასაც ხშირად ხისტი თამაში, უხეშობა და ტრავმები მოსდევდა. იყო ყვითელი ბარათები, თელასის მოთამაშე ზურაბ ლუკავა კი გააძევა არბიტრმა მოედნიდან.

გუნდებმა მოედანზე 2 საათი და 20 წუთი (!) გაატარეს

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რაც ფუტსალში იშვიათი ამბავია, ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი 45-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ გაიტანა. ტატიშვილმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გაათანაბრა სერიაში ანგარიში და შეინარჩუნა ფინალში გასვლის შანსი.

ავთანდილ ასათიანი (თელასის მოთამაშე-მწვრთნელი)
“ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნებოდა. მეტოქეს ტაში ეკუთვნის, რადგან ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. წინ გადამწყვეტი მატჩია, რომელიც კიდევ უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე წინა ორი დაპირისპირება. ალბათ ის გუნდი მოიპოვებს ფინალური მატჩის საგზურს, რომელიც ფსიქოლოგიურად უკეთ იქნება მზად.”

ალექსანდრე ძაბირაძე (ტატიშვილის მთავარი მწვრთნელი)
“ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს იყო გადამწყვეტი თამაში და თუ მაქსიმუმს გავიღებდით, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვიგებდით. ბოლომდე დაიხარჯნენ, ყველაფერი დადეს და დამსახურებულად მოვიგეთ. ხისტი თამაში იყო და სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა ამან კიდევ უფრო გაგვიზარდა მოტივაცია. მთავარი მატჩი წინაა, სადაც ასევე ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.”

ალე ძაბირაძეს ბევრი სანერვიულო ჰქონდა

ნახევარფინალური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები 6 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები