Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 117:102 ბოსტონ სელტიკსი
  • თამაშში გარდატეხა რასელ ვესტბრუკმა შეიტანა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მოსისხლე მტერ ბოსტონ სელტიკსთან რემატჩი მოიგო. 117:102 მოგებულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსი და კომპანია ბრწყინავდნენ, ბოსტონელებმა კი კარგი სტარტის შემდეგ, შეტევაში ბევრი ვერაფერი მოახერხეს და დაცვაშიც გაუჭირდათ, მეორე ტაიმში კი რასელ ვესტბრუკის შოუ ვიხილეთ.

ლეიკერსის გამთამაშებელმა თავისი 24 ქულიდან (9/16, პლუს 11 ასისტი) 15 მესამე მეოთხედში ჩააგდო და სწორედ ამ დროს მოიპოვეს ლოსანჯელესელებმა გადამწყვეტი უპირატესობა. ვესტბრუკი ყოველთვის მარტივად პოულობდა ბოსტონელთა დაცვაში გზებს. კარგი მატჩი ჰქონდა ლებრონ ჯეიმსსაც, რომელმაც 30 ქულის დაგროვება შეძლო (13/19).

ენტონი დევისს (17 ქულა, 16 მოხსნა) პირველ ტაიმში დაცვაში გარკვეული პრობლემები შეექმნა, მატჩის მეორე ნახევარში კი იზრუნა იმაზე, რომ სტუმრებს რიტმი დაეკარგათ. ბოსტონიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ - 34 ქულით (13/22).

ამ გამარჯვებით ლეიკერსი თანაქალაქელ კლიპერსს ისევ გაუთანაბრდა (13 მოგება, 12 მარცხი) და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. 2020 წლის ჩემპიონს ახლა ორი რთული გასვლა ელის - მემფისთან და მისთვის საშიშ ოკლაჰომასთან. 

13 მოგება და 12 მარცხი აქვს ბოსტონსაც, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში კლივლენდ კავალიერსთან მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს. ხვალ სელტიკსი ისევ ლოს ანჯელესშია და კლიპერსს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები