Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | უდანაკარგო ლივერპული და აიაქსი - ატლეტიკო ჯგუფიდან გავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მადრიდის ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშია
  • მადრიდის რეალმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
  • ლივერპულმა და აიაქსმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართა. დღეს პლეი ოფის მხოლოდ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ირკვეოდა - ის ატლეტიკოს ერგო. მადრიდულმა გუნდმა პორტუს სტუმრად მოუგო და პარალელურად მილანმაც წააგო, რის შედეგადაც ესპანელები პლეი ოფში გავიდნენ.

A ჯგუფი

A ჯგუფში ბოლო ტურის წინ პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, მხოლოდ მესამე ადგილის ბედი ირკვეოდა და მასაც ფორმალური სახე ჰქონდა. მანჩესტერ სიტინ, რომელსაც პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა, გადახალისებული შემადგენლობით სტუმრად ლაიპციგთან წააგო, მაგრამ 12 ქულით მაინც პირველ ადგილზე დაასრულა ტურნირი, ხოლო პსჟ-მ 11 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჯგუფური ეტაპი ბრიუგესთან იოლი გამარჯვებით დაასრულა - 4:1. დუბლები შეასრულეს კილიან მბაპემ და ლიონელ მესიმ. ამ ჯგუფში მე-3 პოზიცია 7 ქულით ლაიპციგმა დაიკავა და ევროპალიგაზე გადავიდა, ხოლო ბრიუგე ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლი ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში გაიტანა

B ჯგუფი

ბოლო ტურის წინ ყველაზე დიდი ინტრიგა B ჯგუფში იყო. ლივერპულს პირველი ადგილი დაბევებული ჰქონდა, მაგრამ მე-2 ადგილისთვის 3 გუნდი იბრძოდა და მათ შორის სხვაობა ერთადერთი ქულა იყო.

იურგენ კლოპმა მოტივირებულ მილანთან გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, მაგრამ ინგლისურმა გუნდმა მაინც მოიგო და ჯგუფური ეტაპი 18 ქულით დაასრულა. ლივერპული პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო. მილანს კი, გამარჯვება სჭირდებოდა და ფიკაიო ტომორის გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ მერე მო სალაჰისგან და დივოკ ორიგისგან ორჯერ გაუშვა და დამარცხდა. როგორც გაირკვა, კლოპი სან სიროს პირველად ესტუმრა. როგორც მატჩის წინ რამდენიმე წუთით ადრე იტალიურ ტელევიზიასთან ჩართვაში გერმანელმა თქვა, 54 წლის ვარ და ამ სტადიონზე ნამყოფი არ ვიყავიო, "სან სირო" მშვენიერი ადგილი გახლავთო... ასე რომ, კლოპისთვის საფეხბურთო ‘ლა სკალაში’ პირველი სტუმრობა კარგ მოგონებად დარჩება.

სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 საგარეო მატჩში გოლი გაიტანა

ჯგუფში მე-2 ადგილი კი მადრიდის ატლეტიკომ, რომელმაც სტუმრად პორტუს ძალიან დამაჯერებლად 3:0 აჯობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურის წინ ყველაზე რთულ ვითარებაში იყო, მე-2 ადგილზე გასვლა მაინც შეძლო. დიეგო სიმეონეს გუნდმა 7 ქულა დააგროვა და პლეი ოფის საგზური მაინც მოიპოვა. პორტუ ასპარეზობას ევროპალიგაზე გააგრძელებს, მილანი კი ევროტურნირებს მიღმა აღმოჩნდა.

C ჯგუფი

C ჯგუფში ინტრიგა საერთოდ არ არსებობდა, რადგან ყველაფერი გარკვეული გახლდათ. აიაქსმა შინ ლისაბონის სპორტინგს უმასპინძლა და 4:2 მოუგო. კვლავ გაიტანა სებასტიან ალემ, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაშში გამოიჩინა თავი და კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც საწყის 6-ვე შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. კოტ დივუარელს ამ სეზონამდე ლიგაზე ნათამაშები არ ჰქონდა. ჯგუფის მეორე მატჩში დორტმუნდმა ბეშიქთაში 5:0 გაანადგურა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თურქულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე კატასტროფულად ითამაშა და ქულაც ვერ მოიპოვა. პირველი ადგილი აიაქსს ერგო, რომელმაც თავის მხრივ ყველა მატჩი მოიგო, მეორეზე სპორტინგი გავიდა და 1/8-ფინალში ითამაშებს, ხოლო დორტმუნდი თებერვლიდან ძალებს ევროპალიგაზე მოსინჯავს.

სებასტიან ალემ რეკორდები დაამყარა

D ჯგუფი

D ჯგუფის ერთადერთი ინტრიგა პირველ ადგილში მდგომარეობდა და მისი ბედი მადრიდში ირკვეოდა. რეალს ინტერთან მიზნის მისაღწევად ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და დამაჯერებლად 2:0 მოიგო. შედეგად, რეალმა 15 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა და მხოლოდ შერიფთან დაკარგა ქულები, როცა სენსაციური მარცხი განიცადა მე-2 ტურში, ხოლო ინტერი პლეი ოფში მე-2 ადგილით გავიდა, სხვათა შორის, 10-წლიანი პაუზის მერე. დონეცკის შახტარისა და ტირასპოლის შერიფის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, მე-3 ადგილი მოლდოველებს ერგოთ, რაც ამ ტურამდეც ცნობილი იყო, შახტარი კი ევროთასებს დაემშვიდობა.

რეალი D ჯგუფში უკონკურენტო იყო

საინტერესო ფაქტები

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 2 გოლი 35-ედ გაიტანა.

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 38-ე კლუბს გაუტანა და ამდენი მეტოქისთვის ამ ტურნირზე არავის გაუტანია.

კილიან მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 30+ გოლი გაიტანა (22 წლის და 352 დღის). მან ლეო მესის შედეგი გააუმჯობესა.

სებასტიან ალე პირველი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საწყის 6 მატჩი გოლი გაიტანა. აიაქსის შემტევმა კრიშტიანო რონალდოს შედეგიც გაიმეორა და ჯგუფური ეტაპის ყველა თამაშში თავი გამოიჩინა. სხვა ფეხბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე ყველა ტურში გოლი არ გაუტანიათ.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 7 გოლი გაიტანა. მას ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 საგარეო მატჩშიც აქვს გოლი გატანილი.

დივოკ ორიგიმ 2019 წლის ფინალის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა.

აიაქსი პირველი ნიდერლანდური კლუბი გახდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო.

⚽ ლივერპული პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო.

პსჟ 4:1 ბრიუგე

გოლები: 1:0 მბაპე (2), 2:0 მბაპე (7), 3:0 მესი (38), 3:1 რიტსი (68), 4:1 მესი (76. პენ)

პსჟ (4-3-3): დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, დიალო, მენდეში (49. კერერი) - ვეინალდუმი, ვერატი (84. დინა), გეიე (71. პარედესი) - მესი, მბაპე (83. იკარდი), დი მარია (71. ერერა)

ლაიპციგი 2:1 მანჩესტერ სიტი

გოლები: 1:0 შობოშლაი (24), 2:0 ანდრე სილვა (71), 2:1 მაჰრეზი (77)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): სტეფენი - უოკერი, სტოუნსი, აკე (87. რუბენ დიაში), ზინჩენკო - გიუნდოგანი, ფერნანდინიო, დე ბრუინი (87. პალმერი) - მაჰრეზი, გრილიში, ფოდენი (46. სტერლინგი)

მილანი 1:2 ლივერპული

გოლები: 1:0 ტომორი (29), 1:1 სალაჰი (36), 1:2 ორიგი (55)

მილანი (4-2-3-1): მენიო - კალულუ (65. ფლორენცი), ტომორი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ტონალი (59. სალმაკერსი), კედი - მესიასი, დიასი (59. ბენასერი), კრუნიჩი (83. ბაკაიოკო) - იბრაჰიმოვიჩი

ლივერპული (4-3-3): ალისონი - უილიამსი (90. ბრედლი), კონატე, ფილიპსი, ციმიკასი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მორტონი, მინამინო (90. უოლტმენი) - სალაჰი (64. კეიტა), ორიგი (80. ფაბინიო), მანე (64. გომესი)

პორტუ 1:3 ატლეტიკო

გოლი: 0:1 გრიზმანი (56), 0:2 კორეა (90), 0:3 დე პაული (90), 1:3 ოლივეირა (90. პენ)

აიაქსი 4:2 სპორტინგი

გოლები: 1:0 ალე (8. პენ), 1:1 სანტოსი (22), 2:1 ანტონი (42), 3:1 ნერეში (58), 4:1 ბერგუისი (62), 4:2 ტაბატა (78)

დორტმუნდი 5:0 ბეშიქთაში

გოლები: 1:0 მალენი (29), 2:0 როისი (45. პენ), 3:0 როისი (53), 4:0 ჰაალანდი (68), 5:0 ჰაალანდი (81)

რეალი 2:0 ინტერი

გოლები: 1:0 კროოსი (17), 2:0 ასენსიო (79)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კროოსი (78. ვალვერდე), კაზემირო (71. კამავინგა), მოდრიჩი - როდრიგო (77. ასენსიო), იოვიჩი (78. დიასი), ვინისიუსი (80. აზარი)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, შკრინიარი, ბასტონი - დუმფრისი (46. დიმარკო), ბარელა, ბროზოვიჩი (60. ვიდალი), ჩალჰანოღლუ (59. ვესინო), პერიშიჩი - ლაუტარო მარტინესი (66. გალიარდინი), ჯეკო (60. სანჩესი)

შახტარი 1:1 შერიფი

გოლები: 1:0 ფერნანდო (42), 1:1 ნიკოლოვი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები