Thumbnail

მე-9 პარტია კარლსენმა მოიგო - ნორვეგიელი ჩემპიონობას უახლოვდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაგნუს კარლსენი 6:3 იან ნეპომნიაშჩი
  • ნორვეგიელი მოჭადრაკე მსოფლიოს ჩემპიონობასთან ახლოსაა

ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა და რუსმა იან ნეპომნიაშჩიმ მე-9 პარტია ითამაშეს, რომელიც კარლსენის გამარჯვებით დასრულდა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ნორვეგიელმა მოჭადრაკემ, რომელიც შავი ფიგურებით თამაშობდა, გამარჯვება 39-ე სვლაზე მოახერხა და საერთოდ ჯამში ანგარიში მის სასარგებლოდ უკვე საკმაოდ სოლიდურია - 6:3.

წინა რვა პარტიიდან საწყისი ხუთი და მე-7, ყაიმით დასრულდა, ხოლო მე-6 და მე-8 პარტიები მაგნუსმა მოიგო. წინ კიდევ 5 პარტიაა, ხოლო თუ საჭირო გახდება, ტაი-ბრეიკი 15 დეკემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, საჩემპიონო შეხვედრა არაბეთის გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქ დუბაიში მიმდინარეობს. რეგლამენტის მიხედვით, მოთამაშეებს შორის 14 პარტია გათამაშდება. საპრიზო თანხა 2 მილიონი დოლარი გახლავთ, რომლის 60%-საც გამარჯვებული მიიღებს. თუ დუელი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, ამ შემთხვევაში მოგებულს 55% ერგება.

მაგნუს კარლსენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 2013 წლიდან ფლობს. ნორვეგიელმა დიდოსტატმა ჩემპიონობა 3-ჯერ დაიცვა, ბოლო 2 შემთხვევაში კი ტაიბრეიკი დასჭირდა. თუ 31 წლის კარლსენი რუსს დაამარცხებს, მსოფლიო ჩემპიონის სატიტულო 5 შეხვედრა ექნება მოგებული და ამ მაჩვენებლით მიხაილ ბოტვინიკსა (სსრკ) და ვიშვანათან ანანდს (ინდოეთი) გაუთანაბრდება – წინ მხოლოდ ემანუელ ლასკერი (გერმანია), გარი კასპაროვი და კარპოვი დარჩებიან, რომლებმაც 6-6 საჩემპიონო დუელში იმარჯვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები