Thumbnail

'საუკეთესო პროფესიონალია ვისთანაც მიმუშავია' - ვაისმა ქართველებზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სლოვანის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიაზე ისაუბრა
  • სლოვაკი სპეციალისტი რამდენიმე ლეგიონერით უკმაყოფილოა, თუმცა ქართველებით არა
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი არ გამორიცხავს, გუნდიდან ზაფხულში წავიდეს

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც ამჟამად სამშობლოში, სლოვანის თავკაცია, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას შესახებ ისაუბრა და მათ სამაგალითო ფეხბურთელები უწოდა.

სლოვაკი სპეციალისტი როგორც ჩანს, თავის კლუბში რამდენიმე ლეგიონერის თამაშით და დამოკიდებულით უკმაყოფილოა, რაც ადგილობრივ მედიას არც დაუმალა, მაგრამ სამაგიეროდ, გურამი და ჯაბა გამოარჩია, რომელთა შესახებ დადებითი სიტყვები კიდევ ერთხელ არ დაიშურა.

"გურამი ავადაა, მაგრამ მჯერა კოპენჰაგენთან მატჩისთვის გამოჯანმრთელდება. როდესაც ის არ თამაშობს, დაცვაში რაღაც გვაკლია, ამის დანახვა უსინათლოსაც შეუძლია. მისი გამოცდილება და მონდომება ჩვენთვის დიდი პლუსია. მაგალითს მოგიყვანთ: საზღვარგარეთ პატივისცემა გურამის და ჯაბა კანკავას მსგავსი მიდგომით მოიპოვება. ჯაბა ვარჯიშზე ან თამაშზე საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს თამაშით ამტკიცებს. ის 35 წლისაა, 1 კვირის წინ დედა გარდაეცვალა, მაგრამ სამაგალითო მიდგომა გამოავლინა მატჩისა და თავისი მოვალეობის მიმართ. დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. სხვები მასთან ახლოს რომ იყვნენ, ახლა სლოვანში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. იგივეს ვიტყვი გურამ კაშიასა და იორი დე კამპსზე, რომელსაც ახლა სამწუხაროდ პრობლემები აქვს", - განაცხადა ვაისმა.

კანკავა სლოვანში პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ კლუბს უკვე უკაპიტნა

სლოვაკმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ შეიძლება კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გუნდი დატოვოს, თუ ყველაფერი ისე არ გაკეთდება, როგორც მას სურს:

"ჩვენ, მწვრთნელებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელებს 4-წლიანი კონტრაქტები აქვთ და ხელშეუხებლები არიან. ეს არ არის ნორმალური და უმეტეს კლუბში ასეა. კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და ან საქმე ისე გაკეთედება, როგორც მე მინდა, ან დავშორდებით. სლოვანში ბევრი ლეგიონერია და ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ არ იციან როგორ კლუბში არიან, არ იცნობენ კლუბის ისტორიას. ეს უნდა გააცნობიერონ, თუ ამას არ გააკეთებენ, წასვლა მოუწევთ. მე არ უნდა გავაკეთო ის, რაც მათ სურთ. ის რომ გამეკეთებინა, საქართველოში ან ყაზახეთში, რასაც აქ ზოგი ბედავს, 15 წუთში სახლში ვიქნებოდი", - ციტირებს სლოვაკური მედია ვაისის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ბრატისლავის სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 44 ქულით ლიდერია და ტრნავას სპარტაკს 8 ქულით უსწრებს, ხოლო კონფერენსლიგაზე ბოლო ტურის წინ 8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს პაოკ-თან ერთად იყოფს. ბოლო ტურში სლოვაკები დანიაში კოპენჰაგენს ესტუმრებიან და პაოკ-ი გიბრალტარის ლინკოლნს უმასპინძლებს.

კაშია და კანკავა სლოვანში გასულ ზაფხულს სწორედ ვაისის ინიციატივით გადავიდნენ. მიმდინარე სეზონში გურამს სლოვაკურ გუნდში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჯაბამ 27 თამაშში 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები