Thumbnail

29 ივლისს NBA-ის 2021 წლის დრაფტის 54-ე ნომრად ინდიანა პეისერსმა სანდრო მამუკელაშვილი აირჩია და, წინასწარ შეთანხმებული მოლაპარაკების თანახმად, ჩემპიონ მილუოკი ბაქსში გაუშვა. მას მერე 4 თვეზე მეტია გასული, 50 დღეა, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სეზონი დაიწყო. მოდი, ვნახოთ, როგორ თამაშობს ის 60 ახალბედა, რომლებიც ნიუ იორკის "ბარკლაის ცენტრში" აირჩიეს კლუბებმა და რა ადგილი აქვს მათ შორის სანდრო მამუკელაშვილს.

სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ თითქმის 10 წუთს თამაშობს

სანდრო მამუკელაშვილი დრაფტის მიწურულს, 54-ე ნომრად აირჩიეს. როგორც წესი, ასე გვიან არჩეული კალათბურთელებისგან NBA-ში მოლოდინი ნაკლებია. მათთვის ისიც წარმატებაა, თუ ახალი კლუბი კონტრაქტს გაუფორმებთ და სარეზერვო გუნდში სათამაშოდ გაუშვებს. მილუოკი ბაქსს აშკარად მეტი მოლოდინი აქვს სანდროს თაობაზე. მართალია, 22 წლის ქართველ ფორვარდს არასრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ ბაქსშიც ათამაშებენ და სარეზერვო გუნდ ვისკონსინ ჰერდშიც. ახლახან სანდრომ მე-12 მატჩი ითამაშა და კარიერაში პირველად მოხვდა სასტარტოში. NBA-ის ჩემპიონის რიგებში სასტარტო ხუთეულში ქართველი ახალბედის მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა.

ბაქსის სარეზერვო ვისკონსინში სანდრო საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აკეთებს

მამუკელაშვილი საშუალოდ 9.5 წუთს თამაშობს NBA-ში: 2.8 ქულას, 2.8 მოხსნას და 0.5 პასს აკეთებს. NBA-ში სულ 78-მა ახალბედამ ითამაშა (ძირითადად დრაფტზე აყვანილები). მათ შორის ქულებით საუკეთესო ტორონტოს მიერ დრაფტის მე-4 ნომრად აყვანილი სკოტ ბარნსია 15.1 ქულით. ის დრაფტის პირველ ნომერს, კეიდ კანინგემს (14.9) უსწრებს. შედეგიანობით მამუკელაშვილი 32-ე პოზიციაზეა 78 ახალბედას შორის. მოხსნებით სანდრო მე-19 ადგილზეა, პასებით, როგორც ქულებით, 32-ეზე. როგორც ხედავთ, ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლებით ქართველი ფორვარდი დრაფტის პირველი წრის ბოლოს, მეორის დასაწყისში აყვანილ მოთამაშეს შეეფერება. თან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მამუკელაშვილს როტაციაში ჩაჯდომისთვის ბრძოლა ჩემპიონ გუნდში უწევს, ზოგიერთ ახალბედას კი გაუმართლდა, ისეთ გუნდში მოხვდა, სადაც შედარებით ნაკლები კონკურენციაა. 

ჯერ კიდევ დრაფტამდე, როცა უკვე ნათელი იყო, რომ მამუკელაშვილს პირველ წრეში არ აირჩევდნენ, თავად კალათბურთელი ამბობდა, რომ დრაფტზე ვერ ხედავდა მასზე უკეთეს 30 მოთამაშეს. როგორც ხედავთ, სანდრო საქმითაც ამტკიცებს, რომ მაშინ მართალი იყო. 

თამაშთან შედარებით უდიდესი სხვაობაა კონტრაქტებში - თუ სანდროს ეგრეთ წოდებული ორმხრივი კონტრაქტი აქვს, პირველი წრის დასაწყისში არჩეულებს, ვარსკლავური ხელშეკრულებები აკავშირებთ კლუბებთან. ორმხრივი კონტრაქტის წესის თანახმა, ის მინიმუმ 82 ათასი დოლარია (სეზონში), მაქსიმუმ - 450 ათასი დოლარი. მაშინ როცა პირველ ნომრად არჩეულ კეიდ კანინგემს ამ სეზონში 10 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ხელფასი. შორს რომ არ წავიდეთ, მილუოკი ბაქსმა ბოლო, მე-60 ნომრად არჩეულ ბერძენს, გეორგიოს კალაიცაკისს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა (საერთო თანხა 4 მილიონზე მეტი), რომელთაგანაც 925 ათასი გარანტირებულად ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ბაქსმა ბერძენი კალათბურთელი უკვე გაუშვა გუნდიდან. 

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში

საშუალოდ წუთები: 9.5 - 27-ე შედეგი
საშუალოდ ქულები: 2.8 - 32-ე შედეგი
საშუალოდ მოხსნები: 2.3 - მე-19 შედეგი
საშუალოდ პასები: 0.5 - 32-ე შედეგი
მატჩები: 12 - 31-ე შედეგი ახალბედებში
წუთები: 114 - 27-ე შედეგი
ქულები: 34 - 28-ე შედეგი
მოხსნები: 28 - 22-ე შედეგი
მოხსნები (შეტევაში): 14 - მე-15 შედეგი
პასები: 6 - 27-ე შედეგი
ჩაჭრები: 0
დაფარებები: 1 - 41-ე შედეგი
სამქულიანები: 4 - 26-ე შედეგი
სროლის %: 452% - 26-ე შედეგი
3-ქულიანის სროლის %: 364% - 21-ე შედეგი
საჯარიმოს სროლის %: 667% - 33-ე შედეგი

საინტერესო ფაქტები. NBA-ის ახალბედები

🏀 NBA-ის 78-მა ახალბედამ უკვე ითამაშა ამ სეზონში. მათი ასაკი ძირითადად 19-24 წლის შუალედშია, თუმცა კევინ პანგოსი კლივლენდიდან სულაც 29 წლისაა. 

🏀 ყველაზე მეტი, 25-25 მატჩი ითამაშეს ტრეი მერფიმ და ფრანც ვაგნერმა. სანდრო მამუკელაშვილმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ვაგნერმა 790 წუთი ითამაშა, მამუკელაშვილმა 114. 

🏀 ყველაზე მეტი, 341 ქულა ჩააგდო ფრანც ვაგნერმა. სანდროს ანგარიშზე სულ 34 ქულაა. 

🏀 მოხსნებით პირველია სკოტი ბარნსი - 177. ევენ მობლის ანგარიშზე 171 მოხსნაა. მამუკელაშვილი - 28 მოხსნა. მეტოქე გუნდის ფარზე მოხსნებით (14) ქართველი ფორვარდი მე-15 პოზიციაზეა ახალბედებში. 

🏀 ყველაზე მეტი, 121 შედეგიანი პასი გააკეთა ავსტრალიელმა ჯოშ გიდიმ, რომელიც მე-6 ნომრად აირჩიეს. 

🏀 34 ჩაჭრით ლიდერია ჰერბ ჯონსი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - 12 თამაშში სანდროს ანგარიშზე ჯერ 1 ჩაჭრაც არ არის. 

🏀 38 დაფარებით მე-3 ნომრად არჩეული ევენ მობლი საუკეთესოა. 

🏀 45 სამქულიანით ინდიანას კრის დუარტე ლიდერობს, რომელიც მე-13 ნომრად აირჩიეს. 

🏀 ყველაზე მეტს სკოტი ბარნსი თამაშობს, 35.6 წუთი საშუალოდ მატჩში. 

NBA-ის დრაფტი 2021. TOP 10

1. კეიდ კანინგემი (დეტროიტი)
2. ჯეილენ გრინი (ჰიუსტონი)
3. ევენ მობლი (კლივლენდი)
4. სკოტი ბარნსი (ტორონტო)
5. ჯეილენ საგსი (ორლანდო)
6. ჯოშ გიდი (ოკლაჰომა)
7. ჯონათან კუმინგა (გოლდენ სტეიტი)
8. ფრანც ვაგნერი (ორლანდო)
9. დევიონ მიტჩელი (საკრამენტო)
10. ზაირ უილიამსი (მემფისი)
...54. სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი)

კომენტარები

ბოლო ამბები