Thumbnail

ოთხშაბათს ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება მიუნხენისკენ იქნება მიმართული. "ალიანც არენაზე" გასამართი ბაიერნი-ბარსელონა კატალონიური გრანდისთვის ფინალის ტოლფასია. ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ბარსა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდეს.

ბოლო ტურის წინ გერმანელებს ყველაფერი გარკვეული აქვთ. მიუნხენელები 15 ქულით ლიდერები არიან და ჯგუფში პირველი ადგილიც განაღდებული აქვთ. ბარსელონა 7 ქულით მეორეა და 2 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ბენფიკას. იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიური კლუბი დინამო კიევს დაამარცხებს, ბარსელონას პლეი ოფში სათამაშოდ აუცილებლად გამარჯვება დასჭირდება, რადგან ბენფიკას ბარსასთან ურთიერთშეხვედრების უპირატესობა აქვს (3:0, 0:0).

ბარსელონას პლეი ოფს მიღმა დარჩენა ისტორიული ფაქტი იქნება, რადგან კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლოს 2000/2001 წლების სეზონში ჩარჩნენ. მაშინ ესპანური გრანდი მილანს (11 ქულა) და ლიდსს (9 ქულა) ჩამორჩა, 8 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და უეფას თასზე (დღევანდელი ევროპალიგა) გადაინაცვლა, სადაც ნახევარფინალში ტურნირის მომავალ ჩემპიონთან, ლივერპულთან ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა.

ბაიერნსა და ბარსელონას შორის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის მიზეზი გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 15 000 ადამიანით განისაზღვრა, თუმცა ბავარიის მხარეში არსებული შედარებით მძიმე ეპიდომოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გულშემატკივრები მოედნებზე საერთოდ არ დაიშვებიან. ასე რომ, ჩავის გუნდს უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ჩატარება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევს.

იულიან ნაგელსმანის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. ბაიერნმა ბოლოს ბუნდესლიგაში ითამაშა, სადაც DER KLASSIKER-ში დორტმუნდის ბორუსიას გასვლაზე 3:2 მოუგო. საპირისპიროდ, ძალიან არასტაბილურად გამოიყურება ბარსელონა, რომელმაც ლა ლიგაში გამართული ბოლო შეხვედრა "კამპ ნოუზე" ბეტისთან 0:1 დათმო. 

ჩემპიონთა ლიგის პირველ წრეში, ესპანეთში გამართულ შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" ბარსელონა დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ერთი შეხედვით, ნაგელსმანის გუნდი უმოტივაციოა, თუმცა "ოქროს ბურთის" ამბების შემდეგ, მიუნხენელები ძალიან მოტივირებულები არიან და ამას დაჯილდოების შემდეგ თომას მიულერის გაკეთებული კომენტარიც ადასტურებს.

"ჩემპიონთა ლიგის თასი ისევ მიუნხენში უნდა ჩამოვიტანოთ. ახლა სწორედ ეს არის ჩემი უდიდესი მოტივაცია. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა შეუძლია გერმანულ ფეხბურთს! ყველაფრის დასამტკიცებლად მომდევნო შანსი ბარსელონასთან მოგვეცემა. თქვენ ძალიან მოტივირებულ ბაიერნს ნახავთ!", - განაცხადა მიულერმა ერთი კვირის წინ.

საინტერესო ფაქტები

⚽ მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაში უკანასკნელი 6 მატჩიდან ყველა მოიგო.

⚽ "რეკორდმაისტერის" ბოლო 9 მატჩიდან 8-ში (ჩემპიონთა ლიგა) 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ გერმანულმა გუნდმა ბარსელონას ბოლო 7 შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 6 მოუგო.

⚽ ნაგელსმანის გუნდმა ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9-ში (ჩემპიონთა ლიგა) მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ მიუნხენელებმა ბარსელონას (ყველა ტურნირზე ერთად) ბოლო 3 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაუტანეს.

⚽ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაში გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში პირველი ტაიმიც და შეხვედრაც მოიგო. 

⚽ ბარსელონა ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2000/01 წლების სეზონში ჩარჩა.

⚽ კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

⚽ "ბლაუგრანას" ბოლო 3 მატჩში (ჩემპიონთა ლიგა) 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ამ ორი გუნდის ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ნიანზუ, რიჩარდსი - როკა, ტოლისო - გნაბრი, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
ტრავმა: კიმიხი, ზაბიტცერი, სარი, სტანისიჩი, ერნანდესი (?).

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - გავი, ბუსკეტსი, დე იონგი - ეზალზული, დეპაი, დემბელე.
ტრავმა: აგუერო, პედრი, რობერტო, ფატი, ბრაითვაითი.

კომენტარები

ბოლო ამბები