Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი ჯგუფურ ეტაპს ლაიპციგში მატჩით ამთავრებს
  • ინგლისელებს მერვედფინალში პირველი ადგილით გასვლა განაღდებული აქვთ
  • ხოსეპ გვარდიოლა დღეს ბევრ სათადარიგო მოთამაშეს გამოცდის

რეალურად, ამ მატჩს არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს - ყოველ შემთხვევაში, მანჩესტერ სიტისთვის ნამდვილად ასეა, რადგან ინგლისურ გრანდს ლაიპციგთან ბოლო ტურის მატჩის წინ ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში მეორე ადგილით პარი სენ-ჟერმენი გადის. ლაიპციგი და ბრიუგე (4-4 ქულა) კი მესამე ადგილისთვის და, შესაბამისად, ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან.

სწორედ ამიტომ, სიტის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას სურს, რომ აკადემიის რამდენიმე ტალანტი გამოცადოს. “გერმანიაში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი მიგვყავს, რომელთაგან ალბათ ორს ან სამს მაინც ვათამაშებ,” - განაცხადა პეპმა ლაიპციგში დღეს (21:45) დაგეგმილი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გვარდიოლამ იქვე დასძინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თამაშს არასერიოზულად ვეკიდებითო. “თუ ლაიპციგმა თამაშში თავისი რიტმი იპოვა, ნებისმიერი მეტოქის განადგურება შეუძლია. ცხადია, ეს არავის უნდა.” - აღნიშნა პეპმა.

მართალია, ლაიპციგმა ბოლოს ბუნდესლიგაში ზედიზედ 3 მატჩი წააგო და მწვრთნელიც შეცვალა, მაგრამ გვარდიოლა არ ფიქრობს, რომ მეტოქე დასუსტებულია: “კრიზისი, კრიზისი… ყველა ლაიპციგის კრიზისზე ლაპარაკობს, მე კი არ ვიცი, არის თუ არა ეს რეალურად კრიზისი. ეს გერმანული კლუბი ისევ კარგ პრესინგს თამაშობს და სწრაფად გადადის შეტევაში. ამიტომ, ჩემმა გუნდმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს - იმის გათვალისწინებითაც, რომ საუკეთესო შემადგენლობით არ ვიქნებით,” - დასძინა პეპმა.

კომენტარები

ბოლო ამბები