Thumbnail
  • კალჩოპოლი ანიელების ოჯახში შიდა დაპირისპირების შედეგი იყო
  • ელკანები ანდრეა ანიელის სტადიონზე არ უშვებდნენ
  • ახალი სკანდალით გუნდიდან ანდრეა ანიელის გაშვება სურთ

გააჩერეთ ნებისმიერი გულშემატკივარი და ჰკითხეთ: რატომ აღმოჩნდა იუვენტუსი სერია B-ში ‘კალჩოპოლის’ სკანდალის შედეგად ამ საუკუნის დასაწყისში? უმეტესობა, ანუ იტალიური ფეხბურთის ლაბირინთებში ნაკლებად ჩახედული ხალხი გიპასუხებთ, რომ ‘იუვენტუსი თამაშებს აწყობდა’. ოღონდ, თუ ჩაეკითხებით, თამაშებს ‘როგორ აწყობდა’, მეეჭვება, დეტალურად გიპასუხონ.

იუვენტუსი არ დაუდანაშაულებიათ მსაჯების ან მოწინააღმდეგეების მოსყიდვაში, ან რაიმე მსგავს დანაშაულში. ბრალდება მას ედავებოდა მსაჯებზე ზეწოლას. ანუ, თუ უფრო დეტალურად გავივლით, იუვენტუსი სისტემატიურად ეკონტაქტებოდა მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელობას და ცდილობდა, რომ მატჩებზე მათთვის სასურველი არბიტრი დაენიშნათ. ეს სპორტული პრინციპებისთვის შეუფერებელი საქციელია და ამას მსაჯებზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჰქვია და არა ხალხში გავრცელებული ‘მატჩის ჩაწყობა’ და შედეგზე პირდაპირი ზეგავლენა.

მაგალითად, პერუჯაში იუვენტუსს პიერლუიჯი კოლინამ საჩემპიონო თამაში თავსხმა წვიმაში, დატბორილ სტადიონზე ათამაშა და არ გადაუდო ის ტურინელთა მოთხოვნის მიუხედავად. ამის შემდეგ იუვე კოლინას არცთუ ისე წყალობდა. საქმე ის არის, რომ ამავე გამოძიებით, ანალოგიურად იქცეოდა მილანიც, ლაციოც და ფიორენტინაც. მოგვიანებით ისიც დადასტურდა, რომ მსაჯების ხელმძღვანელობასთან ინტერის მაშინდელი მენეჯერი ფაკეტიც რეკავდა. ანუ, ეს უფრო იტალიური საფეხბურთო კულტურის არცთუ სასიამოვნო ნაწილი იყო, ვიდრე რაიმე დანაშაულებრივი გამონაკლისი.

ლუჩანო მოჯი, ანტონიო ჯირაუდო, მაშინდელი ფაბიო კაპელო და სულ ახალგაზრდა ანდრეა ანიელი

მეტსაც ვიტყვი: მსგავსი საფეხბურთო კულტურა მხოლოდ იტალიაში არ არის. დიდ გუნდებს დიდი გავლენა ბევრგან აქვთ. მაგალითად, რა მოხდება, თუკი რეალის კარში ბოლო წუთზე საეჭვო პენალტს დანიშნავ, ან მადრიდელ ფეხბურთელს წითელ ბარათს მისცემ? დიდი ალბათობით, რეალი ეცდება, რომ მის თამაშზე აღარ დაგნიშნონ. თუ ძალიან სამართლიან და გამჭვირვალე პრემიერლიგას ან ბუნდესლიგას არ ჩავთვლით, მსგავსი რამეები საფეხბურთო სამყაროში ხშირად ხდება. არამხოლოდ იტალიაში. მეტიც, დარწმუნებული ვარ, იუვენტუსიც, ინტერიც და მილანიც დღემდე ინარჩუნებენ ამ ტიპის გავლენას თავად იტალიური საფეხბურთო სისტემის შიგნით.

ყველა რეკავდა და ყველა ცდილობდა, რომ თამაშზე სტილით მათთვის მისაღები არბიტრის დანიშვნისთვის მიეღწია. ყველა დაისაჯა ინტერის გარდა. თუმცა, მხოლოდ იუვე დააქვეითეს მეორე ლიგაში. რატომ? რა მოხდა რეალურად?

ლუჩანო მოჯის ვერსია

შიდა იტალიურ ამბავში ამ ისტორიას სხვანაირად ყვებიან. იუვე მსგავს რაღაცებს დიდი ხნის მანძილზე აკეთებდა და ეს არც არავის უკვირდა. როგორც აღვნიშნე, ეს იტალიური ფეხბურთისთვის ჩვეული მოქმედების სტრატეგია იყო. ‘კალჩოპოლი’ დიდი შიდა ღალატის ისტორია იყო - ეს იყო საქმე, რომელიც ‘შეიკერა’. ასეთია ლუჩანო მოჯის, იუვეს მაშინდელი სპორტული დირექტორის ვერსია, რომელსაც ბევრი იტალიელი ჟურნალისტი იზიარებს და ბოლოდროინდელი ამბების ფონზე ეს უფრო დამაჯერებლი ხდება.

მოჯი ამტკიცებს, რომ იუვენტუსი ოჯახის ორ კლანს, ორ განშტოებას შორის შიდა დაპირისპირებას შეეწირა. ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება.

ლუჩანო მოჯი: ‘ეს ამბავი ვერ მოხდებოდა მანამდე, სანამ ჯანი ანიელი ცოცხალი იყო. ის ამას უბრალოდ არ დაუშვებდა.’

იუვენტუსი ანიელების ოჯახის საკუთრებაა. ანიელებს ეკუთვნით ასევე "ფიატი", "ფერარი", "ალფა რომეო", "მაზერატი", გაზეთები და კიდევ ბევრი სხვა რამ. მრავალი ათწლეულია, ეს იტალიის ყველაზე გავლენიანი ოჯახია, რომლის თავი ლეგენდარული ჯანი ანიელი იყო, რომელიც ბიზნეს-იმპერიას თავის ძმასთან, უმბერტოსთან ერთად, სრული თანხმობით მართავდა.

ლეგენდარული ჯანი და უმბერტო ანიელები

ჯანი 2003-ში გარდაიცვალა, უმბერტო - ერთი წლის შემდეგ (ყურადღებით იყავით, ამ დროიდან იწყება ‘კალჩოპოლის’ სკანდალი). ჯანისგან და უმბერტოსგან განსხვავებით, მათ შვილებს ერთმანეთთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აღმოაჩნდათ. ჯანის შვილი ედოარდო ძალიან საეჭვო სიტუაციაში მოკლეს. უფრო სწორად, ეს თვითმკვლელობა იყო, რომელიც არავის სჯერა. გავრცელებული ვერსიით, ძალიან უცნაური ედოარდო, რომელიც ყველაფერი იყო ბიზნესმენის გარდა, თავად ოჯახმა მოიშორა თავიდან. ჯანის მემკვიდრეები, მისი ქალიშვილის, მარგარიტას შვილები, ნახევრადამერიკელი ელკანები არიან - ჯონ და ლაპო ელკანი.

ჯონ და ლაპო ელკანები

უმბერტო ანიელის შედარებით ნაკლებად გავლენიანი ძმის შვილია ანდრეა - იუვეს ახლანდელი პრეზიდენტი. ‘კალჩოპოლის’ პერიოდში იუვენტუსს უმბერტო ანიელის ხალხი მართავდა. ელკანები, ჯანის შვილიშვილები, ფეხბურთში არცთუ ისე კარგად ერკვევიან და უკვე ასაკში მყოფმა ჯანიმ ეს საქმე მის ძმას გადააბარა. მოჯი, ბეტეგა და ჯირაუდო - უმბერტო ანიელის ხალხია.

ჯანი ანიელის სიკვდილის შემდეგ, მისმა შთამომავლებმა ანუ ელკანებმა, კლუბის წაღება დააპირეს. როგორ უნდა წაართვა ძალიან წარმატებული კლუბი ძალიან წარმატებულ მენეჯმენტს?! რთული ამოცანაა. მით უმეტეს, რომ იუვეს ბევრი აქციონერი ჰყავს - ანიელების ოჯახი რამდენიმე ათეულ კაცს ითვლის და გადაწყვეტილების მიღებას ბევრი ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება. ელკანებს უფრო დიდი წილი აქვთ, მაგრამ როცა იუვე ასე წარმატებული იყო, მათ მაინც არ ჰქონდათ იმის იმედი, რომ მთელი ოჯახი, ანუ აქციონერები, მხარს მათ დაუჭერდნენ. ამიტომაც, ელკანებმა უბრალოდ უარი თქვეს იუვენტუსის დაცვაზე - ანუ არ გამოიყენეს თავისი გავლენა, რომ იუვეს წინააღმდეგ საქმე არ აღძრულიყო (სწორედ ამიტომ ამტკიცებდა მოჯი, რომ ჯანი ანიელის ამას ვერ გაუბედავდნენ).

მეტიც: ინფორმაცია გაჟონეს და ხელი შეუწყეს იმ გამოძიებას, რომელმაც იუვენტუსი მოქმედ მენეჯმენტს ჩამოაშორა. მოჯი ყურადღებას ზუსტად ამაზე ამახვილებს - მფლობელებმა, იტალიის ყველაზე გავლენიანმა ოჯახმა არ დაიცვეს მენეჯმენტი. შედეგად, მილანს, მაგალითად, მხოლოდ ქულები დააკლეს, იუვენტუსი კი ქვედა დივიზიონში აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მოჯის, ბეტეგას და ჯირაუდოს იტალიურ ფეხბურთში საქმიანობა მთელი ცხოვრებით აეკრძალათ, კლუბი კი ელკანების ხელში აღმოჩნდა.

როგორი იყო ელკანების იუვენტუსი?

ელკანებს ფეხბურთი ნაკლებად უყვართ, ვერ ერკვევიან. განსაკუთრებით, ლაპო ელკანი გამოირჩევა არასერიოზული და სკანდალური იმიჯით. ამბობენ, რომ მათი ბაბუა ჯანი არ გიჟდებოდა თავის შვილიშვილებზე. ჯონ ელკანი, მისი ძმა, ბიზნესმენია, თუმცა უფრო ამერიკელი ეთქმის, ვიდრე იტალიელი და ვერ იტყვი, რომ ფეხბურთი და იუვენტუსი მის დნმ-შია.

მათი მმართველობის ხუთწლიანი პერიოდი სკანდალური უმეცრებით გამოირჩეოდა. გუნდი ჯერ ალესიო სეკოს ჩააბარეს, შემდეგ ჟან-კლოდ ბლანს - იტალიურ ფეხბურთში აბსოლუტურად გაურკევეველ პერსონაჟებს. შედეგად, მეშვიდე ადგილები, მწვრთნელად დელ ნერი და ფერარა და გაურკვეველი ტრანსფერები მივიღეთ.

ამ სიტუაციაში ოჯახმა პრეზიდენტად უმბერტოს შვილის, ანდრეა ანიელის დანიშვნა გადაწყვიტა. ანდრეა იუვენტუსთან ერთად გაიზარდა - ფეხბურთი ძალიან უყვარს და კარგად ერკვევა. ანდრეა ანიელის ელკანების მმართველობის პერიოდში იუვეს სტადიონზე საერთოდ არ უშვებდნენ - სკანდალური ამბავია, მაგრამ, რას ვიზამთ, ფაქტია.

მან მოიყვანა გუნდში ანტონიო კონტე და იუვეს საჩემპიონო ამბებში დაბრუნდა. ზედიზედ 9 სკუდეტოს ეპოქაში ანიელის პოზიციები გუნდში ძალიან მყარი იყო. თუმცა მახსოვს ისიც, რომ ‘ლა სტამპას’ და ‘ლა რეპუბლიკას’ იუვენტუსის შიდა ამბებში ჩართული ჟურნალისტები მუდამ ამტკიცებდნენ, რომ ელკანები ანიელის ფეხის დაცდენას ელოდებოდნენ და ისევ ეცდებოდნენ კლუბზე თავიანთი კონტროლის დამყარებას. მით უმეტეს, რომ ოჯახში ელკანების პოზიცია ბევრად უფრო მყარია - მათ ხელში აქციების 38 პროცენტია, ანდრეა ანიელის ხელში კი - მხოლოდ 11. ანუ, ანდრეა ანიელის თითქმის მთელი დანარჩენი ოჯახის და აქციონერების მხარდაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ პოსტი შეინარჩუნოს.

მოჯი და სულ ახალგაზრდა ანდრეა ანიელი

თავის მხრივ, ანიელის დიდი მეგობრობა აქვს ლუჩანო მოჯისთან - იმ კაცთან, რომელიც ელკანებს ვერ იტანს და რომელიც ელკანებმა გუნდიდან გაუშვეს.

ლუჩანო მოჯი: ‘ანდრეა ანიელი ჩემი გაზრდილია. ფეხბურთი მას ჩვენ ვასწავლეთ’.

იტალიური წყაროები იმასაც წერენ, რომ ანიელი და მოჯი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და მათ შორის საფეხბურთო საკითხებზეც საუბრობენ. ანუ, მოჯის საფეხბურთო მოღვაწეობა აკრძალული აქვს, თუმცა იუვენტუსის შიდა ამბებზე აზრს მაინც ეკითხებიან.

რა ხდება ახლა?

ანიელის საქმეები ბოლო ორი წელია, არცთუ ისე კარგადაა - მისი პოზიციები საგრძნობლად შეირყა. გუნდმა ზედიზედ ორჯერ ვერ "გაარტყა" მწვრთნელს, ამას დაემატა ცუდი ტრანსფერები, გაუარესებული შედეგები და კრიზისული ფინანსური მდგომარეობა. მთავარი ამბავი კი ის იყო, რომ ანიელი სუპერლიგის ავანტიურაში გაეხვა და ახლა მდგომარეობა უეფაშიც ძალიან გართულებული აქვს. მოკლედ, ანიელი დასუსტდა და როგორც იტალიელი ‘ინსაიდერები’ წლების წინ წინასწარმეტყველებდნენ, მაშინვე გამოჩნდა ახალი საქმე, რომელმაც ეს მენეჯმენტი შეიძლება გადაიყოლოს.

ელკანები იუვეს ანიელის ნელ-ნელა ართმევენ. პაველ ნედვედმა, რომელიც ანიელის უახლოესი მეგობარია, კლუბში თავისი გავლენა დაკარგა, პარატიჩი საერთოდ წავიდა. სანაცვლოდ, ამ სეზონის წინ იუვენტუსის მენეჯმნეტში ‘ფიატიდან’ მისული, ელკანების ლოიალური ორი ახალი კაცი გამოჩნდა - კერუბინი და არივაბენე.

მიშელ პლატინი და ჯანი ანიელი

ახალ სკანდალში ბევრი ისეთი არაფერია, რასაც იტალიური და არაიტალიური კლუბები წინა წლებში არ აკეთებდნენ. ანუ, გაცვლის დროს მოთამაშეების ფასის ზრდა, რათა კლუბებს შემოსავალი მეტი დაუფიქსირდეთ. მაგალითად, ბარსელონამ და იუვენტუსმა ორი წლის წინ პიანიჩი და არტური გაცვალეს - ტრანსფერი ორივე გუნდმა 70 მილიონად დაარეგისტრირა. სატრანსფერო სისტემა ასე მუშაობს - თითოეულ კლუბს 70-მილიონიანი შემოსავალი იმავე სეზონში დაუფიქსირდა, გასავალი კი უეფას წესების მიხედვით, შემდეგ წლებში შეიძლება გაიწეროს. ანუ, ორივე კლუბს ქაღალზე შემოსავალი დაემატა. თანაც ობიექტურები თუ ვიქნებით, არც პიანიჩი ღირდა ეს თანხა და არც არტური. კლუბებს უბრალოდ აწყობდათ დიდი თანხების გაწერა.

ეს მოდელი ხშირად მუშაობს და მასში მხოლოდ იუვენტუსი არ არის გარეული. კლუბები მოთამაშეებს ცვლიან, შემდეგ ამ მოთამაშეებს გაბერილ თანხებად აფორმებენ და ქაღალზე მოგებას ნახულობ. ამას სერია B-ს და სერია C-ს კლუბებიც აკეთებენ, ბარსელონაც და მანჩესტერ სიტიც, რათა კალენდარული წელი ფინანსური ზარალით არ დაასრულონ, მით უმეტეს კოვიდ-ეპოქაში.

იუვენტუსის პრობლემა ის არის, რომ ამ კლუბის აქციები დამატებით საფონდო ბირჟაზეა, ანუ იტალიის კანონმდებლობა იუვენტუსს ედავება, რომ ის აქციონერებს არასწორ, ყალბ ინფორმაციას სთავაზობს. ანუ, აჩვენებს შემოსავალს ქაღალდზე, რომელიც პრაქტიკაში არ არსებობს. სამაგიეროდ, კლუბის აქციების ფასი იზრდება.

ამის მიუხედავად, ყველანაირი ლაპარაკი იუვენტუსის ქვედა ლიგაში დაქვეითებაზე სისულელეა. სამართლებრივად იუვენტუსს მხოლოდ ჯარიმა შეიძლება დაეკისროს, სპორტული სასამართლო კი ფეხბურთელზე, როგორც ცოცხალ აქტივზე, ზუსტ ფასს ვერ ადგენს. ანუ, ვერ დაამტკიცებ, რომ პიანიჩი 70 მილიონი არ ღირს. 2008 წელს მილანს და ინტერს ედავებოდნენ მსგავს საქმეს და სასამართლომ ვერაფერი დაამტკიცა.

სამაგიეროდ, ეს სკანდალი, სასამართლოში დაკითხვებზე სიარული ა.შ. რეპუტაციად და თანამდებობად შეიძლება დაუჯდეს ანიელის. ის ისედაც დასუსტებულია და კიდევ ერთი ასეთი სკანდალი მისადმი მთელი ოჯახის და აქციონერების რწმენას ნულზე დაიყვანს. ამის შემდეგ კლუბზე მართვას ისევ ელკანები აიღებენ.

როგორც იტალიური პრესა წერს, ამჯერად მათ უფრო პოპულარულ ფიგურებთან უნდათ საქმის დაჭერა და მათი მენეჯმენტში მოყვანა - ასეთია, მაგალითად, ალექს დელ პიერო, რომელსაც იუვედან წასვლის შემდეგ ანიელისთან კარგი ურთიერთობა აღარ აქვს. ანუ, ელკანები ეცდებიან, ფანების მხარდაჭერა მოიპოვონ. იტალიური ვერსიით, იუვენტუსში მორიგი შიდა დაპირისპირებაა და ეს სკანდალიც მისი გამოძახილია - ისევე, როგორც ეს ‘კალჩოპოლის’ შემთხვევაში ხდებოდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები