Thumbnail

ყვითელი ბარათი განზრახ - იაგო ასპასის წარმოუდგენელი ეშმაკობა ვალენსიასთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სელტა 1:2 ვალენსია | იაგო ასპასის ეშმაკობამ ყურადღება მიიქცია
  • 34 წლის ფეხბურთელმა გაფრთხილება გამიზნულად მიიღო, რომ დისკვალიფიკაცია მოეხადა

ფეხბურთის ისტორია უამრავ უცნაური ყვითელ ბარათს ინახავს, მაგრამ ის, რაც ლა ლიგის ბოლო ტურში მოხდა, ძალზე იშვიათად ხდება.

ვიგოს სელტას თავდამსხმელმა იაგო ასპასმა ყვითელი ბარათი აბსოლუტურად შეგნებულად და გამიზნულად მიიღო. ვალენსიასთან მატჩის მე-11 წუთზე ესპანელმა ფორვარდმა გოლი გაიტანა, მაგრამ უგო გილამონთან ორთაბრძოლაშიც ტრავმა მიიღო და იმ მომენტშივე მიხვდა, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომაც, იაგომ ეშმაკურ ხერხს მიმართა და გოლის გატანის მერე მაისური სრულიად განზრახ, ყოველგვარი ემოციური აღნიშვნის გარეშე გაიხადა. თანაც, მანამდე თანაგუნდელ ბრაის მენდესს რაღაც გადაულაპარაკა და არსებობს საფუძველი, რომ სწორედ მისი განზრახვის შესახებ აცნობა.

ასპასმა იცოდა, რომ ყვითელი ბარათების ლიმიტში იყო და თუ კიდევ ერთ გაფრთხილებას მიიღებდა, მომდევნო მატჩს (11 დეკემბერს, მალიორკასთან) დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებდა. მიმდინარე სეზონში ესპანელისთვის ეს მე-5 ყვითელი ბარათი იყო, რაც ლა ლიგაში დისკვალიფიკაციის ტოლფასია. მან თამაში ვეღარ გააგრძელა და დაზიანების გამო მოედანზე მე-16 წუთზე დატოვა კიდევაც.

ამგვარად, ასპასი, რომელსაც მალიორკასთან მომავალი შეხვედრა ტრავმის გამო ისედაც გაუცდებოდა, დისკვალიფიკაციასაც მოიხდის და ეს ყველაფერი წამებში გათვალა. მიმდინარე სეზონში 34 წლის ფეხბურთელს 16 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და სელტას საუკეთესო ბომბარდირია. აქვე ვთქვათ, რომ სელტა იაგო ასპასის გოლით ვალენსიას უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა (1:2). გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია და 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები