Thumbnail
  • ბექა საღინაძემ თავის გამოჩენა ბრივთან მატჩში მოახერხა
  • მის წინააღმდეგ ხუთმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა

ფრანგული ლიონის ქართველმა მორაგბე ბექა საღინაძემ ბრივთან მოგებულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა და საერთო ჯამში ისე კარგად ითამაშა, რომ TOP 14-ის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მიმდინარე სეზონში ბექა უკვე მეორედ გამოარჩიეს. მე-7 ტურში საღინაძემ ტულუზაც დაალელოვა და ტურის საუკეთოს XV-ში მაშინაც შეიყვანეს.

23 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ბრივთან თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ლელო კი 70-ე წუთზე მიითვალა, როდესაც მასპინძელთა ჩინებული კონტრშეტევა დააგვირგვინა: გადაკიდებულ ბურთს კარგად მიჰყვა ლიონელთა ფიჯელი გარემარბი ჯოსუა ტუისოვა, ოვალი ქართველ თანაგუნდელს ამოუგდო და ბექასაც მისი დამიწება აღარ გასჭირვებია.

საინტერესოა, რომ მატჩის მიწურულისკენ ტუისოვა მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო გააძევეს, თუმცა, ამას შეხვედრის შედეგზე ზეგავლენა აღარ მოუხდენია. ლიონი იმ დროისთვის უკვე 41:0-ს იგებდა და მატჩი ასეც დასრულდა.

სათქმელია ისიც, რომ ბრივის მაისურით შეხვედრაში მონაწილეობა ერთბაშად ხუთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო. ესენი ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე არიან.

ლიონმა 31 ქულა მოაგროვა და საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, ბრივი კი 21 ქულით მხოლო მეთორმეტეა. TOP 14-ში მე-13 ტური 26-27 დეკემბერს შედგება: ბრივი კლერმონს დაუხვდება, ხოლო ლიონი სტუმრად ლა როშელთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები